“მატნელებსა და პანკისელებს შორის ხელოვნურად ცდილობენ კონფლიქტის გამოწვევას…”

"მატნელებსა და პანკისელებს შორის ხელოვნურად ცდილობენ კონფლიქტის გამოწვევას..."

“ასაკოვან ხალხთან საუბრისას ძალიან ბევრი ისეთი ამბავი ჩავიწერე, რომელიც მეცნიერებმაც კი არ იციან. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, ეს ხალხი ისე არ წასულიყო ამ ქვეყნიდან, მათგან ამბების ჩაწერა ვერ მომესწრო…”

“ახლა, ალბათ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი­ საფლავში ბრუნავს… მატნელებისა და ქისტების ურთიერთობა მიძინებული ვუ­ლკ­ანივითაა და აუცილებლად ამოიფრქვევა­, თუ ამას სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ. მატნელებსა და პანკისელებს შორის მავანნი მიზანმიმართულად ართულებენ ვითარებას და ხელოვნურად ცდილობენ კონფლიქტის გამოწვევას… არ მინდა დავაკონკრეტო, ვინ არიან ეს პროვოკატორები, მაგრამ ცხადია, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქისტებსა და ქართველებს შორის ისტორიული ძმობა და სიყვარული შუღლით შეცვალონ. გვიპირისპირებენ მატნელებს, რომლებიც ჩვენ, ქისტებს, განსაკუთრებულად­ გვიყვარს”, – ამბობს­ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი. რა აკავშირებთ ქისტებს მატნელებთან და რა ხდება ახლა მათ შორის?
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ქალბატონი მექა გვესაუბრება:

– ჩვენ, ქისტები, მესაქონლე ხალხი ვიყავით. როდესაც პანკისში ჩამოვსახლდით, პირველად მატნელებმა დაგვაკვრევინეს მიწას ბარი, მათ გვასწავლეს, როგორ უნდა გვეცხოვრა ბარში, როდესაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩეჩნების გასახლება დაიწყეს. სწორედ მატნელების დახმარებით შევძელით ხეობაში დარჩენა. ჩვენ ისტორიული ძმობა და ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს და უფლება არ გვაქვს, ეს ყველაფერი დავივიწყოთ. დღეს მატანში­ ძალიან ცუდი პრაქტიკა დამკვიდრდა – როგორც კი პანკისელი და მატნელი წაკამათდებიან, ისე, როგორც ძმებს შორის ხდება ხოლმე, მატნელები, ქალიან-კაციანად, ქვებით, ჯოხებით შეიარაღებული გამოდიან ქუჩაში. ეს არ ჰგავს მატნელების ნამდვილ სახეს. მათ ვიღაცები ჩვენს წინააღმდეგ აქეზებენ, ისევე როგორც პანკისელებს აქეზებენ მატნელების წინააღმდეგ. საბაბი ზოგჯერ ძალიან სასაცილო – ქათამი ან ძროხა შეიძლება იყოს. ძალიან მაშინებს და მაშფოთებს ეს ამბავი. გარწმუნებთ, დაინტერესებულ ძალას ამ მოძმე ხალხის გადამტერება რაღაცისთვის სჭირდება. ჩვენ, ქისტები, ქართველების მადლიერი ვართ და საქართველოს ჩვენს სამშობლოდ მივიჩნევთ. მე მამისაგან და დედისგან დამყვა ქართველების და საქართველოს სიყვარული. როდესაც პატარები ვიყავით, მამა ხშირად გვეტყოდა ხოლმე, თქვენ მეორე სამშობლოც გაქვთ ჩრდილოეთ კავკასიაში და ეს არ დაგავიწყდეთო, მაგრამ საქართველო რომ ჩვენი სამშობლო იყო და უნდა გვყვარებოდა, ამის შეხსენება არ გვჭირდებოდა. ქისტებმა და ქართველებმა ყველაზე კარგად იციან ერთმანეთის ფასი. ჩვენი წინაპრები ვერავინ გააბრიყვა, ვერავინ გადაამტერა ერთმანეთს. ყველა განსაცდელში ერთმანეთს გვერდში ედგნენ, ერთმანეთის იმედი ჰქონდათ.
– პანკისელებს რა საბაბით აქეზებენ მატნელების მიმართ?– ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ქართველებსა და ქისტებს შორის დაპირისპირება დაიწყოს, მაგრამ ჩვენი უხუცესების წყალობით ჯერჯერობით ვუმკლავდებით ამ გამოწვევას.


ორი წლის წინ დუისში ვიღაცები ავტომობილებითა და კადიროვის დროშებით შემოვიდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ, ანუ ქისტებმა, მათ დროშები წაართვეს და უთხრეს, რომ აქ საქართველოა და ამის უფლებას არ მისცემდნენ.E ასეთი პროვოკაციები პანკისში ახალი არ არის, ამას ღრმა ფესვები აქვს.შევარდნაძის პერიოდში, როდესაც პანკისის შესასვლელთან ბლოკპოსტი დადგეს, მე კინაღამ მოვკვდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს სამშობლოში აღარ მიშვებდნენ. ერთხელ, თუ არ ვცდები, 1999 წელი იყო, გაზეთში ამოვიკითხე, თითქოს პანკისში ავტონომია ცხადდებოდა. გაოგნებ­ული ვიყავი! ქისტებს ასეთი რამ აზრადაც­ არ გაგვივლია და არც არასდროს გავივლებთ.– როგორც ვიცი, მუშაობთ წიგნზე, რომელიც სწორედ ქართველი და ქისტი ხალხის ურთიერთობას ეხება.
– დიახ, ასეა. წიგნს ერქმევა “ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია”. აქ იქნება ქისტებისა და ქართველების მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობების ქრონოლოგია: ქისტების მიგრაცია და მათი კომპაქტური დასახლება პანკისში; რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება პანკისელ ქისტებში; მთიელთა რესპუბლიკა და ჩეჩენ-ქისტები. პანკისელი ქისტები ველურ დივიზიაში და კავშირები ისტორიულ სამშობლოსთან; ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქისტი შეფიცულები; ქისტების ქართული საგა; ქისტები ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფერხულში; ქისტები აფხაზეთის ომში…
აღწერილია პანკისის ხეობაში ქისტების ორასწლოვანი ცხოვრების არაერთი ასპექტი. ასაკოვან ხალხთან საუბრისას ძალიან ბევრი ისეთი ამბავი ჩავიწერე, რომელიც მეცნიერებმაც კი არ იციან. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, ეს ხალხი ისე არ წასულიყო ამ ქვეყნიდან, მათგან ამბების ჩაწერა ვერ მომესწრო. ამ წიგნის გამოცემით ჩემი ოჯახის სანუკვარი ოცნება ახდება. ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს მამა და მანაც ბევრი რამ იცის. თავადაც დაწერა ქისტების ისტო­რია და უკვე არაერთი წიგნიც გამოსცა, მაგრამ კიდევ არის ამბები, რომლებიც ბევრმა არ იცის…– შეგიძლიათ რაიმე გვიამბოთ ისეთი, რაც ფართო საზოგადოებამ არ იცის?
– ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა­ რაზმის წევრებს შორის 20 უერთგულესი ქისტი რომ იყო, ალბათ, ბევრმა იცის. მათი შემწეობით პანკისის ხეობა გახდა თავდაპირველი ბაზა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმისა (პანკისის ხეობა იწყება ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიურ სოფელ მატნიდან). ქისტები მუდამ თან ახლდნენ ქაქუცას, სადაც უნდა დასხმოდა თავს ბოლშევიკებს: ქიზიყში, თიანეთში, დუშეთსა თუ ხევსურეთში. 1924 წლის 3 აგვისტოს ანტიბოლშევიკური­ აჯანყება დამარცხდა. ქაქუცა იძულებული გახდა, უცხოეთში გადახვეწილიყო. მას ბევრი თანამებრძოლი გაჰყვა ემიგრაციაში. ის ქისტებსაც სთხოვდა, გაჰყოლოდნენ, მაგრამ მხოლოდ დუისელი წოვინარგ გაურგაშვილი დასთ­ანხმდა. როგორც ფშაველმა პოეტმა მიხა ხელაშვილმა არჩია სამშობლოში აბრაგული ცხოვრება, ისე ქისტებიც დარჩნენ სამშობლოში, მაგრამ ბრძოლა­ არ შეუწყვეტიათ…
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ქაქუცას ქისტის ქალი, დეში მარგოშვილი შეუყვარდა. არც ქალი ყოფილა გულგრილი. ქაქუცას მისი მოტაცება არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ჩვენს ადათს, რომლის თანახმად, ქისტის ქალს მხოლოდ ქისტზე შეუძლია გათხოვება, პატივი სცა და სიყვარულზე უარი თქვა…
ამ წიგნში მოთხრობილი იქნება ქისტებზე, რომლებმაც საქართველოსთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს. ჩვენ დღემდე ვერ მოგვინელებია, რომ აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში ჩრდილოკავკასიელები მონაწილეობდნენ, თუმცა დარწმუნებით გეტყვით, რომ არც ერთ ქისტს საქართველოს წინააღმდეგ ხელში იარაღი არ აუღია. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ის ჩეჩნებიც კი, რომლებიც ჩვენი მტრის მხარეს იბრძოდნენ, ქართველებს ხშირად ეხმარებოდნენ. თვითოOნ ქართველები ჰყვებიან, რომ ჩეჩნებმა იხსნეს სიკვდილისგან და შემიძლია, ამ ადამიანების გვარ-სახელები გითხრათ. ყურმოკრულს კი არა, ნამდვილ ამბებს გიამბობთ…– საინტერესოა ქალის როლი ქისტ საზოგადოებაში.
– სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა ალექსანდრე ყაზბეგის მიერ დანახული ქისტი ქალის სახე. მას დიდხანს ჰქონდა ურთიერთობა ვაინახებთან. თავის ნაწარმოებებში “ელისო” და “მამის მკვლელი” ამტკიცებს, რომ კავკასიის არც ერთ ხალხში ქალს ისეთ პატივს არ სცემენ, როგორც ვაინახებში. სამყაროში იშვიათია საზოგადოება, სადაც ქალი ისეა დაფასებული, როგორც ვაინახურ თემში. მართალია, არსებობს არასწორი წარმოდგენა, თითქოს ვაინახებში ქალი დაჩაგრულია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არანაირ როლს არ ასრულებს, მაგრამ ეს ტყუილია. სამწუხაროდ, ამ აზრის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ასევე მცდარმა წარმოდგენამ ისლამურ სამყაროში ქალის დაჩაგრულობის შესახებ… ფაქტი ის არის, რომ ვაინახი ქალის ფენომენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ საზოგადოების არსებობისთვის. ქალს ყოველთვის დიდი როლი ეკისრებოდა მთიელთა ცხოვრებაში. ის მამაკაცთან ერთად ეწეოდა ცხოვრების მძიმე ჭაპანს – ოჯახს უვლიდა, ბავშვებს ზრდიდა და სამეურნეო საქმეებშიც აქტიურად მონაწილეობდა. ბევრ ლეგენდასა თუ ზღაპარში, პოემასა და სიმღერაში ვაინახი ქალი დახატულია მამაც მეომრად, პატივცემულ ბრძენად, მისი სახე კი ამაყი და მომთხოვნი ქალის სახეა… განსაკუთრებული ავტორიტეტით ასაკოვანი ქალები სარგებლობდნენ, მათ რჩევას ეკითხებოდნენ და ზოგჯერ სახალხო სასამართლოში მედიატორებადაც კი ირჩევდნენ. ვაინახური საგმირო სიმღერების მიხედვით, ჯიგიტის საზრუნავი ის არის, რომ ცუდი საქციელის გამო შეყვარ­ებულმა ქალიშვილებმა არ გაკიცხონ, სიყვარული კი ჯიგიტებს უბიძგებს კეთილშობილებისკენ. მათი გმირობა შთაგონებულია დედის, დის, ცოლის ან შეყვარებულის მიერ…
ქისტებსა და განსაკუთრებით ხევსურ­ებში მრავლადაა თქმულება ერთმანეთზე,­ მათ ადათ-წესებზე, ვაჟკაცობაზე, მეგობრობასა თუ მტრობაზე. ხევსურულ ფოლკლ­ორში ქისტები მიჩნეული არიან ღირსეულ მოწინააღმდეგეებად, ღირსეულ სამე­გობრო ხალხად და არსად იგრძნობა მათ შორის უპირატესობა. ხევსურულ პოეზიაში ხოტბას ასხამენ არა მარტო ხევსურ გმირებს, რომლებმაც თავი ისახელეს ქისტებთან ბრძოლაში, არამედ ქისტ გმირებსაც, რომლებიც უშიშრად შეხვდნენ სიკვდილს… ხევსური აღტაცებას გამოთქვამს ქისტის სიმამაცის გამო: “ქისტო, დიდგული ყოფილხარ, /ყამ (შიში – მ.ხ.) არ გქონია მტრისაო”…”ან კიდევ: “ქისტო, გიცხონდა გამზრდელი/გულ შენ გდებია მაგარი…” ერთ ასეთ საინტერესო ლექსსაც მივაგენი “რუს-ქისტების შუღლს შავესწარ, ჭიუხებს ედგა ბაბანი/ მაისტით ამადიოდა პულიმიოტის კაკანი,/ არ შაარცხვინა იბიმა დედაის ნარწებ აკვანი”. იბი ალხასტოვი იყო 40-50-იან წლებში­ თავისუფლების მოყვარე დევნილი ქისტების ჯგუფის წინამძღოლი…
ძალიან ბევრი ამბავი შემიძლია გიამბოთ, რომელიც ქართველებისა და ქისტების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ადასტურებს. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული წყაროებიდან ამოკითხული, ან თუნდაც ასაკოვანი ხალხის ნაამბობი – მეც ბევრი რამ გადამხდენია. ვგრძნობ­ სიყვარულს ქართველებისგან და მეც ძალიან მიყვარს ქართველები! ძალიან მინდა,­ ახალგაზრდა თაობას გადავცეთ ინფორმაცია ამ ურთიერთობის შესახებ. 2018 წელს კონფერენციის მოწყობაც მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, საამისოდ თანხა არავინ გამოყო. ისიც კი ვერ მოხერხდა, რომ პანკისელი ბავშვები თბილისში ჩამომეყვანა. ღმერთმა ხომ იცის, დღემდე თუ რამე პროექტი გამიკეთებია, ყოველგვარი ჰონორარის გარეშე გავრჯილვარ. არაფერი მინდა, ოღონდ ქართველებისა და ქისტების ურთიერთობა გაღრმავდეს და დათბეს. მესამე ძალამ ვერ უნდა მოახერხოს ჩვენ შორის შუღლის ჩამოგდება. იცით, რამდენი რამის მოყოლა შემიძლია ჩვენს ღირსეულ წინაპრებსა თუ თანამედროვეებზე? ეს ამბები ყველა ქართველმა და ქისტმა უნდა იცოდეს! ძალიან საინტერესოა ქისტების საქმიანობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში. მაშინ საქართველო მართლაც დემოკრატიული ქვეყანა იყო და მართლაც დემოკრატიული პარლამენტი ჰყავდა.