დედამიწის ფილტვები იწვის – ამაზონის ტყე ცეცხლის ალშია გახვეული

„პლანეტის ფილტვები“ იწვის.

ამაზონის ტყეებში ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად კი ამაზონის აუზში, 9500 ახალი ტყის ხანძარი გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს, მეცნიერებმა ბრაზილიაში 74 000-ზე მეტი ხანძარი აღრიცხეს. ეს რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე; მაშინ მხოლოდ 40 000 ხანძარი დაფიქსირდა. ბრაზილიის კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ტყის ხანძრების მაჩვენებელი 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, წელს 83 პროცენტით არის გაზრდილი. რამდენიმე დღის წინ, ხანძრის გამო, ბრაზილიის უდიდეს შტატ ამაზონასში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

2019 წელს უკვე აქვს ხანძრების უმაღლესი მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ, როცა მკვლევრებმა აღრიცხვა დაიწყეს; წლის ბოლომდე კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი.

ამაზონის წვიმის ტყე მსოფლიოში უდიდესია და გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს პლანეტაზე ნახშირორჟანგის დონის დაბალანსებაში. ფოტოზინთეზის პროცესში, სხვადასხვა მცენარეები და ხეები იღებენ ნახშირორჟანგს და ჰაერში მას ჟანგბადის სახით აბრუნებენ.

სწორედ ამიტომ უწოდებენ თითქმის 3,4 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ამაზონის ტყეს „პლანეტის ფილტვებს“. ეს ტყე აწარმოებს დედამიწის ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 20 პროცენტს.

როგორც წესი, მშრალი სეზონი ამაზონში ივლისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, პიკს კი სექტემბერში აღწევს. წელიწადის დანარჩენ დროს არსებული ტენიანი ამინდი ხანძრების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

თუმცა, მშრალ სეზონში ცეცხლი შეიძლება ბუნებრივი წყაროებიდან გაჩნდეს, მაგალითად, მეხის დაცემის შედეგად. გარდა ამისა, ხშირად ცეცხლს განზრახ აჩენენ ფერმერები და ტყის მჩეხავები, რათა ტერიტორია სასოფლო სამეურნეო და სამრეწველო მიზნებისთვის მოასუფთაონ.

ამაზონის ტყეში ამჟამად მძვინვარე ხანძარს დიდი ეფექტები აქვს დანარჩენ ბრაზილიაზეც. ამაზონასის შტატიან კვამლის ღრუბლებმა მიაღწია მეზობელ პარისა და მატუ-გრუსუს შტატებსაც; კვამლმა მზე ჩააბნელა 3200 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ სან-პაულუს ცაშიც.

საერთო ჯამში, ხანძარმა წარმოქმნა 1,9 მილიონი კვადრატული კილომეტრის სიგანის კვამლის ფენა. ევროკავშირის კოსმოსურ თანამგზავრ „კოპერნიკის“ მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, როგორ არის ბრაზილიის თავზე კვამლი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დანის ფორმით გადაჭიმული.