მაია ფურცხვანიძე: კომუნიკაციის უხილავი ჭერი

10 ივნისი 2016

2016 წლის 28-29 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის ქალთა ორგანიზაციის წევრებს ლოპოტას ტბაზე ჩაუტარდათ ტრენინგი წინასაარჩევნო პერიოდში ეფექტური კომუნიკაციების მნიშვნელობაზე და საარჩევნო კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების მეთოდებზე. ტრენინგის ერთ-ერთ მოდულს უძღვებოდა პარტიის რეგიონული წარმომადგენლობის ლიდერი ქალი, პარტიის ახალი სახე რეგიონში – მაია ფურცხვანიძე. მან ისაუბრა ქალი პოლიტიკოსების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, არსებულ ბარიერებზე და „უხილავი ჭერის“ კონცეფციაზე. „ის რაც ანგლო-საქსურ კულტურაში უხილავი ჭერის სახელითაა ცნობილი, ჩვენთან საკმაოდ ხილული და ხშირად კანონმდებლობითაა გამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ გენდერულ თანასწრობის მნიშვნელობაზე ნაწილობრივ მაინც შევთანხმდით ჩვენ – ქართული საზოგადოების წევრები, არსებული სტერეოტიპები და  კულტურის დომინანტური ნორმები, მაინც ახდენს გავლენას ქალების ადგილზე პოლიტიკაში, ოჯახში, მეცნიერებასა თუ ბიზნესში“ – განაცხადა მაია ფურცხვანიძემ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მაია ფურცხვანიძე აკადემიურ საქმიანობას ეწევა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კერძოდ ის მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე, რომელიც ეხება სქესებს შორის კომუნიკაციის საკითხებს. მაია ფურცხვანიძემ კოლეგა ქალბატონებს ნაწილობრივ საკუთარი კვლევების შედეგებიც გაუზიარა და ნაშრომის ფარგლებში გაკეთებულ იმ საინტერესო მიგნებებზეც ესაუბრა, რომლებიც ხშირად ართულებს კომუნიკაციას ქალი პოლიტიკოსებისათვისაც კი მამაკაცებით დომინირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში. ტრენინგს ფინანსურ დახმარებას უწევდა კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში და მხარდაჭერილი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის ოფისის მიერ.

By admin