დავით მათიკაშვილი – სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და „ნიანგის ცრემლებმა“ ყველა კითხვას გასცა პასუხი – ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას

დავით მათიკაშვილი - სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და „ნიანგის ცრემლებმა“ ყველა კითხვას გასცა პასუხი - ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას

დიახ, მიხეილ სააკაშვილი, უნდა დაბრუნდეს საქართველოში, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს! მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომელიც წინაშეც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს მიუძღვის დანაშაული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.

დავით მათიკაშვილისგანცხადებით, სააკაშვილმა აღიარებით ყველა კითხვას გასცა პასუხი. მისივე თქმით სისხლის სამართლის კოდექსი მკაფიოდ ახდენს დანაშაულის და შეცდომის გამიჯვნას და ასე უნდა მოხდეს სააკაშვილის შემთხვევაშიც, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედებები არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე.

დავით მათიკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს მიბაძონ თავიანთ ლიდერს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.

„სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და „ნიანგის ცრემლებმა“ ყველა კითხვას გასცა სათანადო პასუხი. ამ სიყალბეს უნდა დაესვას წერტილი. მინდა მივმართო სააკაშვილის პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებს, ალბათ, უკვე ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ნახეთ თქვენი საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები საკუთარი ხალხის მიმართ. ისე, მინდა შეგახსენოთ, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, წითელი დიდი წიგნი, სადაც ჩამონათვალია იმ დანაშაულების, რომლებიც ისჯება სისხლის სამართლის წესით ძალიან მკაცრად. იქვე არის გამიჯნული, რა არის დანაშაული და რა გადაცდომა, შეცდომა. ნუ ავურევთ ამას ერთმანეთში და ნუ შევეცდებით საზოგადოებას ნაცარი თვალში შევაყაროთ.

შეცდომა არ არის ადამიანის მოკვლა, ოჯახების განადგურება. შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მათი წართმევა მესაკუთრეებისთვის. შეცდომა არ არის საკუთარი მიწა-წყლის, სამშობლოს 20%-ის ჩაბარება ოკუპანტებისათვის. ეს არის დანაშაული და ამაზე ყველა მისმა ჩამდენმა ძალიან მკაცრად უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილი დიახ, უნდა დაბრუნდეს საქართველოში, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს! მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომლის წინაშეც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს მიუძღვის დანაშაული. ვგულისხმობ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ცხინვალის რეგიონდან გამოიდევნა; ვგულისხმობ ყველა წართმეულ ბიზნესს, რომელიც საზოგადოებამ და მსოფლიომ კარგად იცის. ამ ხალხის რიგში შედის გირგვლიანის, რობაქიძის ოჯახები. ეს ადამიანები დღემდე ითხოვენ პასუხებს არა შეცდომებისთვის, არამედ დანაშაულებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა“, – განაცხადა მათიკაშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილის განცხადება არის „ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის პირდაპირი აღიარება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა“.

„ეს „ნიანგის ცრემლები“ და ტყუილები მას საქართველოში აღარ გაუვა. ის მაღალი დონის მატყუარაა, მაგრამ ქართველ ხალხს ვეღარ მოატყუებს. ის იტყუებოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იტყუებოდა 2012 წლიდან დღემდე, ხან წყლით მოდიოდა, ხან მიწით, ხან ხმელეთით, მაგრამ ამ ტყუილებს თვითონვე დაუსვა წერტილი. ხომ არ მიბაძავდით კოლეგებო მას და იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოხვალთ და ბოდიშს მოუხდით საზოგადოებას?! ეს პასუხისმგებლობისგან არცერთ შემთხვევაში არ გაგათავისუფლებთ, მაგრამ არსებობს მორალი და ამ მორალსაც უნდა ვცეთ პატივი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.