რა პირობებით ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი 29 მაისიდან

რა პირობებით ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი 29 მაისიდან

29 მაისიდან საქართველოში ყველა საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მოძრაობაც აღდგება, თუმცა მგზავრობა დაიშვება მხოლოდ პირბადით. 8 ივნისიდან კი ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი – ამის შესახებ დღეს, 27 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეცვლილი პრინციპით მუშაობაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. დაწესდება გარკვეული შეზღუდვები: მძღოლი დაცული იქნება ბარიერით, ყველას მოეთხოვება პირბადის ტარება, გაჩერებებზე და უშუალოდ ტრანსპორტშიც მგზავრთა რაოდენობა დარეგულირდება. წესების შესრულებას როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები გააკონტროლებენ.

ვიცე-მერის თქმით მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება მეტროს ზედა და ქვედა ვესტიბიულშიც.

„ადამიანების რაოდენობა მეტროს ვაგონებში არ უნდა გაკონტროლდეს, კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს მეტროში. ყველა მეტროსადგურს და მიმართულებას თავისი დატვირთვა აქვს დროის და სეზონიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გადაცემის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს 2 წამის შუალედით ზედა ვესტიბიულში ნაკადების შემოდინების შეზღუდვა. თუმცა, მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაოდენობრივი კონტროლი გვექნება,“ – განაცხადა ვიცე-მერმა.

თბილისის მერი კახა კალაძე მძღოლებს აფრთხილებს, რომ არ ჩართონ კონდიცირება და გააღონ ფანჯრები. მისივე თქმით, მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს, რადგან იქ ჰაერი ისედაც იწმინდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა დამატებით რეგულაციებზე, რომელთა დაცვაც ტრანსპორტის სრულად აღდგენის შემდეგ იქნება საჭირო.

მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდა. შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო, 23 მაისიდან გაუქმებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

27 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 557 და გარდაიცვალა 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი იმყოფება.