რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან

რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან

27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

„როგორც ცნობილია, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების შემსუბუქების ეტაპებად გაწერილი გეგმა შეიმუშავა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პარასკევს წარადგინა. აღნიშნული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი 27 აპრილიდან ამოქმედდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება, სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესენულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებსა და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით.

თუმცა, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა გადაიხედოს.