27 აპრილს ჩაკეტილ ქალაქებს შორის მიმოსვლა 2 დღით აღდგება

27 აპრილს ჩაკეტილ ქალაქებს შორის მიმოსვლა 2 დღით აღდგება

27 და 28 აპრილს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მსუბუქი ავტოტრანსპორტით გადაადგილდნენ და დაბრუნდნენ რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. ორი დღის შემდეგ შეზღუდვები აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც საქალაქთაშორისო გადადგილებაზე იყო დაწესებული.

ეს ასევე არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი.

ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასული იყო ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით: ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ, შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, აღდგება“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, როგორ ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა ქალაქ თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.