ახალგორელი პენსიონერებისა და პაციენტებისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გაიხსნა

ახალგორელი პენსიონერებისა და პაციენტებისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გაიხსნა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ „რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი დღეს დროებით გახსნა. ახალგორის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს და იმ მოქალაქეებს, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მისცეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ ათდღიანი ვადა მისცეს, რომ კუთვნილი პენსია მიიღონ და სამედიცინო სერვისებით ისარგებლონ, რის შემდეგაც ახალგორში უნდა დაბრუნდნენ.

2019 წლის 4 სექტემბრიდან, თითქმის 5 თვის განმავლობაში, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილი იყო. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში ადამიანები იმის გამო დაიღუპნენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს. ახალგორში დარჩნენ ბავშვები, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სკოლებში სწავლობენ და ზაფხულში ბებიასთან და პაპასთან იყვნენ ჩასულები.