ბათუმში კორონავირუსი სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა

აჭარის რეგიონში, ბათუმში, კორონავირუსი დაუდასტურდა პედაგოგს, რომელიც ორ საჯარო სკოლაში ასწავლის. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის განცხადებით, ინფიცირებულს ორივე სკოლის თანამშრომლებთან ჰქონდა შეხება.

„ეს პედაგოგი ბათუმის მე-6 და მე-15 საჯარო სკოლებში მუშაობს. შემხებლობა ჰქონდა ორივე სკოლის თანამშრომლებთან. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ყველა მათგანს ჩაუტარდება გამოკვლევა“, – განაცხადა გოჩა დავითაძემ ჟურნალისტებთან.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 20 აჭარის რეგიონს უკავშირდება. დღესვე კორონავირუსი დაუდასტუირდა ბათუმის ე.წ. ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულ მამა-შვილს. PCR ტესტირების ჩატარების მიზნით, ბაზრობა ერთი დღით დაიკეტა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აგვისტოსა და სექტემბერში, აჭარაში კორონავირუსის 156 დადებითი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 40 საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება. 30 შემთხვევა დაფიქსირებულია ქობულეთში, ხოლო ერთი ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ბათუმსა და ქობულეთში, სტუდენტები და მოსწავლეები 15 სექტემბრიდან ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად ისწავლიან.