კანადაში მცხოვრები ქართული დიასპორა საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტესებს

დღეს, 9 ნოემბერს ქალაქ ტორონტოში, კანადაში მცხოვრებმა ქართულმა დიასპორამ სოლიდარობის აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მიზანი იყო თანადგომა და სოლიდარობა გამოეხატათ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი, გაეზიარებინათ კანადაში ჩატარებული არჩევნების შედეგები და დაეგეგმათ შემდგომი ნაბიჯები მხარდაჭერის მიზნით. აქციის ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი წუხილი მიმდინარე მოვლენების გამო, ასევე იმის გამოც რომ საქართველოს ბევრმა მოქალაქემ კანადაში ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა ტექნიკური პრობლემების გამო და მოისმინეს მათი შემოთავაზებები თუ როგორ უნდა უზრუნველყონ მომავალში ჩატარებულ არჩევნებში უფრო აქტიური ჩართულობა. აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ კანადის მთავრობასთან, რათა მოიპოვონ მათი მხარდაჭერა რუსული, ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ცივილურ ბრძოლაში. ამ მიზნით წინასწარ მომზადებულ იქნა პეტიცია, რასაც აქციის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.

აქციის მონაწილეების სიტყვით მიმართეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა- ლადო ქარქაშაძემ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა და კანადის ქართული დიასპორის აქტიურმა მხარდამჭერმა და მაია ფურცხვანიძემ, რომელიც არის კანადაში ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი. მათ ისაუბრეს მსგავსი არქტივიზმის მნიშვნელობაზე და ქვეყნის გარეთ მყოფი ადამიანების მხრიდან სოლიდარობის აუცილებლობაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კანადის პარლამენტისადმი მიმართვის ტექსტი, რომლის ასლებიც აქციის ბოლოს დაურიგდათ მონაწილეებს ხელის მოწერის მიზნით.