2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევების ფონზე ჩატარდა

NDI: საარჩევნო დარღვევებმა გადაფარა კანონმდებლობის ნაწილში მიღწეული გაუმჯობესება 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ანგარიშში აცხადებს, რომ საარჩევნო დარღვევებმა გადაფარა საკანონმდებლო ბაზასა და ადმინისტრაციულ პროცედურებში მიღწეული გაუმჯობესებები. ინსტიტუტის შეფასებით, საარჩევნოადმინისტრაციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გადადგან განსაკუთრებული ნაბიჯები, რათა ხალხს საარჩევნო პროცესის მიმართ რწმენა გაუმყარდეს. 

“2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ოქმებში არსებულმა უზუსტობებმა, საარჩევნო უბნებთან დაშინებისკენ მიმართული ქცევის შესახებ ცნობებმა, შედეგების გამოქვეყნების დაგვიანებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ , ადმინისტრაციულ პროცედურებსა და საკანონმდებლო ბაზაში მიღწეული გაუმჯობესებები გადაფარა. პირველი ტურის დასრულების და მეორე ტურებისთვის მზადებისთვის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლებს და საარჩევნო ადმინისტრაციას დასჭირდებათ ექსტრაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყონ მოსახლეობის რწმენა საარჩევნო პროცესის და საბოლოო შედეგების მიმართ”, – ვკითხულობთ ინსტიტუტის ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, ხმის მიცემის პროცესი უმეტესად კანონით გაწერილი წესების მიხედვით მიმდინარეობდა. 

“თუმცა, სანდო საერთაშორისო, ისევე როგორც, ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფები, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო ოქმებში არსებულ უზუსტობებსა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებზე საუბრობდნენ. ისინი საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირების, ჟურნალისტებისთვისა და დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ხმების გაყალბების სავარაუდო შემთხვევებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ისევე როგორც, საარჩევნო უბნებთან პარტიული კოორდინატორებისა და აქტივისტების ყოფნაზე, რაც მათი შეფასებით, დაშინების განცდას ქმნიდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

მეორე ტურების ჩატარებამდე, ორგანიზაცია რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს, მათ შორის: 

“1. საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა სწრაფად და სათანადოდ განიხილოს საჩივრები, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრა დანიშნოს. 

2. პარტიებმა და კანდიდატებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა საარჩევნო დარღვევებთან, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, ზეწოლასა და დაშინებასთან  დაკავშირებული ბრალდებები, შესაბამისი სამხილებითგაამყაროს და ამ უზუსტობებისაღმოსაფხვრელად შესაბამის ბერკეტებს მიმართოს. 

3. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განამტკიცოს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ პროცედურების ზედმიწევნით ზუსტად და თანმიმდევრულად აღსრულება, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: კომისიის წევრების პასუხისმგებლობების გადანაწილება, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფა, მარკირების პროცედურების აღსრულება და ოქმების შევსება.

4. ყველა მონაწილე მხარე დაძაბულობის განმუხტვას უნდა შეეცადოს, მიჰყვეს არსებულ პროტოკოლს, საარჩევნო უზუსტობათა აღმოსაფხვრელად და ხელი შეუწყოს მშვიდობიანი გარემოს დამკვიდრებას. 

5. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა აწარმოონ სწრაფი და სრულფასოვანი გამოძიება ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის შემთხვევებზე და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს”, – ვკითხულობთ NDI-ისანგარიშში.