თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

შაბათი, 26 დეკემბერი 2020 

თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურაბ საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მას თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილმა ესროლა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილი, ვანო ზანდარაშვილი და თელავის მერიის თანამშრომლები, იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი და მერიის სპეციალისტი ბიძინა ხატიაშვილი, გუშინ, საღამოს სტუმრად იმყოფებოდნენ სოფელ იყალთოში მცხოვრებ დავით ლაჩაშვილთან, რომელიც დაბადების დღეს აღნიშნავდა. ლაჩაშვილიც თელავის მერიის ყოფილი თანამშრომელია. იუბილის აღნიშვნა დაახლოებით ღამის 11 საათზე დაასრულეს. 

სროლა სახლის გარეთ მოხდა, რა დროსაც ლევან ბერძენაშვილიც დაიჭრა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფოს ბრიგადამ გაუწია, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მკვლელობას კახეთის საოლქო პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის სახით უკვე დააკავეს ვანო ზანდარაშვილი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზურაბ საჩიშვილი. 

თელავის მცხოვრებლებმა „რეგინფოს“ მოაწოდეს ინფორმაცია, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი ქუჩაში არაერთხელ უნახავთ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამსახურებრივი იარაღით.