სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 24 დეკემბერს გაიხსნება – რა რეგულაციებს აწესებს მთავრობა

სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020 

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 24 დეკემბერს გაიხსნება – რა რეგულაციებს აწესებს მთავრობა

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში – თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში – დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების – სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების ფუნქციონირება იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადგენილ წესებს დაიცავენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„პატარა მაღაზიას, დიდ მაღაზიას, მოლს თუ რომელიმე სხვა სავაჭრო ობიექტს, რომელიც დღეის მდგომარეობით არ ვაჭრობს სასურსათო პროდუქციით და რომლის საქმიანობაც იყო დაშვებული მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში,
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საშუალება ექნება, ფიზიკურად, სარეალიზაციო სივრცეშიც აწარმოოს ვაჭრობა“, – განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სავაჭრო ობიექტებს დამატებითი რეგულაციები დაუწესდებათ, კერძოდ:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე;
  • მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით. ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვ.მ-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებლისა;
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მკაცრი მართვა, რათა დავული იყოს ყველა ზომა, როგორიც არის სოციალური დისტანცია და პირბადის სწორი მოხმარება;
  • ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს, ძირითადად, ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს, რათა არ იყოს დაშვებული მომხმარებლების დიდი კონცენტრაცია მაღაზიებში;
  • მაღაზიებში არ იმუშავებენ ტანსაცმლის გასახდელები;
  • მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ;
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისი;
  • ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადის უპირობოდ, სავალდებულოდ და სწორად მოხმარება;

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ რეგულაციების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციას.

„ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, სავაჭრო ცენტრების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, ეს გულისხმობს როგორც ჯარიმას, ისე საქმიანობის შეჩერებას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში მუშაობას ვერ განაახლებენ ბაზრობები და ბაზრობების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები.