50 ათასით ნაკლები ტურისტი ლაგოდეხში, 12 ათასით ნაკლები სიღნაღში – შემცირებული ტურიზმი ციფრებში

სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელის, გიგა შუშტაკაშვილის თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი სამსახური მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული და არც ერთი ტურისტი არ მიუღიათ. იმ დროს კი, როცა მუშაობდნენ, 350 ადგილობრივ ტურისტს გაუწიეს მომსახურება.

„აპრილიდან სექტემბრის დასაწყისამდე ჩვენი სამსახური დისტანციურად მუშაობდა. 15 სექტემბრიდან დღემდე სულ 3 ვიზიტორი გვეწვია. მართალია, აქ ქართველი ვიზიტორები ხშირად ისე ჩამოდიან, რომ ტურიზმის ცენტრს არ აკითხავენ, მაგრამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ჩვენ მომსახურება გავუწიეთ 12 400 ვიზიტორს“, – ამბობს გიგა შუშტაკაშვილი.

რადიკალურადაა შეცვლილი კახეთში კიდევ ერთი პოპულარული ტურისტული მარშრუტის მონაცემები. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სულამანიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან, ოქტომბრის ჩათვლით, ლაგოდეხის ნაკრძალს 6 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც, დაახლოებით, 50 000-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ნაკრძალში წელს უცხოეთიდან ჩამოსული ვიზიტორი არ ჰყოლიათ. რაც შეეხება ზარალს ციფრებში, გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ ამ რაოდენობის ვიზიტორები ადგილზე სხვადასხვა სახის მომსახურებაში, ჯამში, დაახლოებით, 2 მილიონ ლარს ხარჯავდნენ.

მიუხედავად ამისა, ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ აჩერებენ, რათა პანდემიის დასრულებას მომზადებული შეხვდნენ და ზარალის ანაზღაურება დროულად დაიწყონ.

„ოქტომბრის მდგომარეობით, გვყავდა 6 080 ვიზიტორი, მაშინ როცა 2019 წელს გვყავდა 56 800, ანუ მთელი 50 ათასი ვიზიტორით ნაკლებია. ძირითადად ქართველი ვიზიტორები გვყავდა. მართალია, ადგილობრივი ტურისტები ყოველ წელს სჭარბობდა, მაგრამ ისევ გასული წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, 2019-ში 14 500 უცხოელს ვუმასპინძლეთ“.

ტურიზმის სფეროს სპეციალიტებისა და ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიდრე ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო სივრცე რეგულარული გადაადგილებისთვის დახურული იქნება, საქართველოში ტურიზმის აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია