დეპუტატი რომ ამას იკადრებს, მე არ ვიცი რა დავარქვა — სოფო კილაძე ეკა ბესელიაზე

ქართული ოცნების დეპუტატმა სოფო კილაძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ეკა ბესელია გააკრიტიკა.

26 სექტემბრის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილმა მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენის დროს ახსენა სიტყვები “ბესელიას მორალი”, რის გამოც

ბესელია მას ხელით შეეხო.

“აბსოლუტურად მიუღებელია. დეპუტატი კი არა ნებისმიერი ადამიანი რომელიც ასე მოიქცევა, ნუ არ ვიცი, დეპუტატი მით უმეტეს. არ ვიცი, ასეთი მაღალი ტრიბუნალი როგორიც პარლამენტი… დეპუტატი რომ ამას იკადრებს, მე არ ვიცი ამას რა დავარქვა”, — ამბობს სოფო კილაძე.

ეკა ბესელია ამბობს, რომ გასაუბრებაზე მყოფ უზენაესი სასამართლოს მოსამართეობის კანდიდატ მირანდა ერემაძეს, რომელიც “კლანის რჩეულია” დეპუტატებმა რთული კითხვები დაუსვეს, ვანო ზარდიაშვილი კი მის “გადასარჩენად” მიუშვეს.

ბესელიას თქმით, მან ზარდიაშვილის “პროვოკაციას გასცა პასუხი” და ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მისი თქმით, ყველა ვინც “ასე მოიქცევა, იგივე პასუხს მიიღებს”.

“ამ არარაობასთან არაფერი საქმე არა მაქვს. მას, რა თქმა უნდა, თავი არ უნდა გაუყადრო ადამიანმა, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, ის შეურაცხყოფები რაც მესმოდა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, გავატარო”, — განაცხადა ბესელიამ.