ბიძინას ოცნება წასვლაზე

იანვარი 11, 2021


ბიძინა ივანიშვილმა 8-წლიანი მმართველობის თავზე შეძლო ქართული საზოგადოების გაერთიანება ერთ რამეში მაინც: თითქმის არავის სჯერა, რომ ის მართლა აპირებს ძალაუფლების დათმობას!

ვრცელი წერილი, რომლითაც „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დაემშვიდობა საზოგადოებას, კიდევ უფრო ამყარებს ამ მოსაზრებას. საჭიროების შემთხვევაში მისი მორიგი „მეორედ მოსვლა“ უდავოდ იქნება კომიკური ელფერის შემცველი, მაგრამ, განა, ივანიშვილის პრემიერმინისტრობას, მის საჯარო გამოსვლებს, საკადრო პოლიტიკას და მმართველობის ფორმას ოდესმე აკლდა ეს ელფერი?

რატომ ვერ წავა?

ბიძინა ივანიშვილის „ნამდვილი წასვლისა“ ყველაზე მეტად არ სჯერა იმ ხალს, ვინც შიგნიდან იცნობს სისტემას. გია ხუხაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის კონსტრუქცია ისეა მოწყობილი, რომ ყველა ძაფი ივანიშვილამდე მიდის. შესაბამისად, თამაშიდან გასვლის გულწრფელი სურვილის შემთხვევაშიც კი ძნელი იქნება გასვლა ისე, რომ სისტემა არ დაინგრეს.

არადა, სწორედ სისტემის მდგრადობაა წასვლისთვის აუცილებელი პირობა, რაც კარგად ჩანს როგორც თვითონ ივანიშვილის წერილიდან, ასევე მთავრობის ზოგიერთი წევრის (გულუბრყვილო) განცხადებიდანაც.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია. მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება. ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები”, – ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის წერილში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამაც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა წასვლა გადაწყვიტა მაშინ, როცა, მისი სიტყვებით, ქართულმა საზოგადოებამ მესამედაც ნდობის მანდატი მიანიჭა „ქართულ ოცნებას“:

ნათია თურნავა
ნათია თურნავა

„ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან და ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა და მთავარი ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია და საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული იმისთვის, რომ დემოკრატიული, სტაბილური ევოლუციური განვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას, რევოლუციას და ა.შ.“

აშკარაა, რომ მინისტრის ლოგიკით, „ამბოხის, პროვოკაციისა და რევოლუციის“ მხარდაჭერა იქნებოდა ოპოზიციის გამარჯვება, მაგრამ განა არჩევნებში, თუნდაც ზედიზედ სამში, წარმატება იძლევა სამუდამო გარანტიას?

ცხადია, არა და ეს კარგად ესმის ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც, როგორც ჩანს, სრული სიმშვიდისთვის ერთი „ქართული ოცნება“ არ ჰყოფნის.

“გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია, არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს”, – წერს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მის გულწრფელ გულისწყვეტაში ეჭვი ეპარება ფილოსოფოს გია ნოდიას.

გია ნოდია
გია ნოდია

„ეს არის სრული ფარისევლობა. ივანიშვილს უნდა თავისი მოსაწონი ოპოზიცია, რაც არ გამოჩნდა აქამდე. გასაგებია, რომ მტრად მიიჩნევს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ მისი დამოკიდებულება ანალოგიურია იმ პარტიებისადმი, რომლებიც ასევე კრიტიკულად არიან განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ ცნობს ლეგიტიმურ მოთამაშედ. ასე რომ, ეს წმინდა ფარისევლური განცხადებაა. ივანიშვილს სურს წარმოაჩინოს თავი დემოკრატად, რომელიც პრინციპულად წინააღმდეგი კი არ არის ოპოზიციის, არამედ „ასეთი ოპოზიცია“ არ უნდა. სურვილი აქვს ოპოზიციაც ისე აკონტროლოს, როგორც აკონტროლებდა „ქართულ ოცნებას“, როცა პირველად იყო წასული“, – უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

ვერწასვლის კიდევ ერთი მიზეზი

ოპოზიციიდან მომდინარე საფრთხე არ არის ერთადერთი რამ რის გამოც ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებს „წასვლის ოცნების“ ასრულებას. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი, რომელიც ახლოდან იცნობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მუშაობისა და მართვის სტილს, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა შეუძლებელია.

„არსად არ წავა, რა თქმა უნდა, და ვერც წავა! იმიტომ, რომ ივანიშვილის მიზანია ყოველთვის იყო დაუბრკოლებლად შეძლებოდა იმის გაკეთება, რაც მოესურვებოდა. იგულისხმება ბიზნესი, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ. ამისთვის სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლი. აქედან გამომდინარე, ვერ მიდის პოლიტიკიდან. შეიძლება პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სხვაგვარად გადაწყვიტოს, კანონმდებლობა სხვაგვარი იყოს (მისთვის არახელსაყრელი), მას კი, კაცმა არ იცის, სად რისი აშენება ან გადატანა მოუნდება, ყოველ ჯერზე ნებართვების ასაღებად უნდა ირბინოს და ა.შ. ამიტომ ვერ იტყვის უარს სრულ კონტროლზე და, პრინციპში, დარჩება იმ არაფორმალურ მმართველად, როგორიც მანამდე იყო. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, – უთხრა დავით ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებას.

„ყველა მიზანი მიღწეულია!“

ბიძინა ივანიშვილი 11 იანვარს გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში არ ღალატობს თავის თავს და ძირითადად ლაპარაკობს როგორც მიღწეულ წარმატებებზე, ასევე შესრულებულ დაპირებებზე.

„ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან“, – წერს ივანიშვილი და „მკვდარი წერტილიდან ვერდაძრულ“ პრობლემებს შორის ასახელებს „ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას“, რომელიც, მისი სიტყვებით, მძიმე მემკვიდრეობად ერგო წინა ხელისუფლებისგან ისევე, როგორც ერგო სიღარიბე, რომლის დაძლევის პირობას იძლეოდა ყველა არჩევნებზე მოყოლებული 2012 წლიდან.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი, – „არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო“.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არაფერს ამბობს იმაზე, რომ ყველა ძალოვანი სტრუქტურა (შსს, სუს), პროკურატურა და სასამართლო ისევეა პოლიტიზებული, როგორც ადრე იყო:

„ყველა წარმატება რასაც ის აღწერს ელემენტარულად ტყუილია. სისტემა არ შეიცვალა არსებითად, შეიცვალა სისტემის მმართველი“.

ივანიშვილის ვრცელი წერილიდან კრიტიკული ნოტებიც გამოსჭვივის, თუმცა ამ კრიტიკის ადრესატები, როგორც უკვე ვთქვით, „არაკონსტრუქციული ოპოზიცია“, „ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია“ და „სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიაა.“

გაქცევა… „ოცნებიდან“

პოლიტიკური ოპოზიციისათვის კი ბიძინა ივანიშვილის წერილი პასუხისგებიდან გაქცევის მცდელობაა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ირაკლი აბესაძე წერს:

ირაკლი აბესაძე
ირაკლი აბესაძე

„პოლიტიკოსი ბიძინა გაურბის პასუხისმგებლობას პოლიტიკურ კრიზისზე და ბიზნესმენი (ოლიგარქი) ივანიშვილი გაურბის პასუხისმგებლობას უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისსა და სიღარიბეზე… ქვეყნის ,,პატრონი” ოლიგარქის მესიჯი, რომ ამ ქვეყანაში ის ბიზნესს აღარ აწარმოებს, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე მესიჯია ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის… ბიძინამ ფორმალურად გაასხვისა და 2020 წლის 30 და 31 დეკემბერს სხვადასხვა ფინანსური სქემებით საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ”-ს საკუთრებაში გადასცა:

  • პირადი რეზიდენცია თბილისში. საკუთრებაში დაიტოვა მხოლოდ ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი. როგორც ჩანს აპირებს სრულად გაეცალოს ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს;
  • ქართუს ცენტრალური ბიზნეს ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე;
  • პანორამა თბილისი თაბორის მთაზე და ცეკავშირის შენობა თავისუფლების მოედანზე;
  • სასტუმრო პარაგრაფი შეკვეთილში;
  • პარაგრაფი მწვანე კონცხი;
  • ლაგუნა ვერე და აბრეშუმის ფაბრიკა;
  • სამშენებლო კომპანიები ,,ბურჯი” და ,,ელიტა ბურჯი”.
  • და ბევრი სხვა ქონება…

რას უნდა ნიშნავდეს საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ ქონების გადაცემა? – ამ კითხვის პასუხად გია ხუხაშვილი ამბობს:

„ძნელი სათქმელია. შორს მიმავალ დასკვნებს არ გავაკეთებდი. გასაგებია, რომ ის ახდენს გარკვეული რისკების დივერსიფიცირებას. რას ნიშნავს, რა ტიპის საფრთხეებს აზღვევს? გაუგებარია! ერთ-ერთ ვერსიად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ აპირებს ქვეყნიდან გასვლას და, შესაბამისად, საქართველოში არსებული ყველა აქტივი გადააქვს ერთ ხელში იმისთვის, რომ გაადვილდეს დისტანციური კონტროლი. ეს არის ერთ-ერთი ვერსია, შესაძლოა კიდევ რამე სხვა იყოს“.

გია ხუხაშვილს, არსებული ინფორმაციის ფარგლებში, არ სჯერა, რომ ივანიშვილმა რაღაც „ახალი ტრუკი“ მოიფიქრა რეალური წასვლის ანუ ძალაუფლების დათმობის სახით:

„რეალური წასვლის მთავრი ინდიკატორი იქნებოდა, გახარიასთვის რომ მიეცა საშუალება საკუთარი მინისტრთა კაბინეტი, საკუთარი გუნდი შეეთავაზებინა ქვეყნისთვის. მან ეს არ გააკეთა, ერთი მინისტრიც კი არ დაანიშნინა! კაბინეტს კი აწერია გახარიას გვარი, მაგრამ ის არ არის რეალურად ყველაზე წონიანი ფიგურა. ეს ყველამ იცის“.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის თქმით, არა თუ მას არ სჯერა ბიძინა ივანიშვილის წასვლისა, არამედ არ სჯერათ „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც:

„არ უნდათ, რომ დაიჯერონ და მართლებიც არიან იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, არა თუ მთელ საზოგადოებას, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონს „ქართული ოცნების“ უმრავლესობასაც კი. „ქართული ოცნების“ მომხრეები კოშმარშიც ვერ წარმოიდგენენ ბიძინას გარეშე დარჩენილ „მარტო სახლში“ კობახიძეს“.

კობახიძის აჩრდილი პარტიაში

ირაკლი კობახიძის გვარი უკვე დასახელდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კობახიძის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები ერთსულოვნად დაუჭერენ მხარს, რადგან:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ირაკლი კობახიძე არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისი კომპეტენციით იურისპრუდენციაში, კონსტიტუციონალებში გამოირჩევა ჩვენს გუნდში. უკვე არაერთი წელია ირაკლი კობახიძე არის ჩართული ჩვენი პარტიის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, რომ ის მანამდე იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ყოველდღიურად იყო ჩართული საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას“.

ირაკლი კობახიძის დაწინაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს ივანიშვილის ფიქტიური წასვლის თაობაზე, რადგან, სხვა შემთხვევაში, „ოცნების“ ხელისუფლებას, ნაცადი ერთი არაფორმალური მმართველისა, ეყოლება სამი ფორმალური ლიდერი პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის სახით. შესაბამისად, „უზენაესი ინსტანციის გარეშე“ დიდი ალბათობაა იმასა, რომ მათაც იგივე დაემართებათ, რაც დაემართათ კრილოვის ცნობილი იგავის – „გედი, კიბო და ქარიყლაპია“ – გმირებს.

დავით ზურაბიშვილის თქმითაც, „ქართული ოცნების“ მომხრეების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულადაა შეშინებული ივანიშვილის წერილის იმ ნაწილით, რომლშიც საუბარია პარტიიდან წასვლისა და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესზე დაბრუნების შესახებ.

დავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი

„შიშობენ, ვაითუ მართლა წავიდა და ამათ ხელში დაგვტოვაო. რა თქმა უნდა, ივანიშვილს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დატოვოს ხელისუფლება და მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება. შესაძლოა, ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. რამე თუ მოხდება, თქვას, მე არაფერ შუაში ვარო, მაგრამ, ცხადია, ეს არ გამოვა. როგორც ადრე, პირველი წასვლის დროს მართავდა არაფორმალურად, ახლაც ასე იქნება. სხვანაირად შეუძლებელია. ისეთი სისტემა ააგო და ისეთი ძალაუფლების ვერტიკალი შექმნა, რომ შეუძლებელია არჩევნების წაგების გარეშე ანუ ხელისუფლების გამოცვლის გარეშე, წასვლა. რომ წააგებს, მერე წავა, მანამდე ის წამსვლელი არ არის“, – უთხრა დავით ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებას.