პურის თონეები „ახტალაზე“ – ღვინის ფესტივალის სტუმრები კახურ შოთს დააგემოვნებენ

გურჯაანში ღვინის ფესტივალისთვის სამზადისი დაიწყო. კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე თონეებს დგამენ, სადაც 12 ოქტომბერს კახურ შოთს გამოაცხობენ. მიმდინარეობს სცენის მონტაჟი და ტერიტორიის მოწყობა.

ღვინის ფეტივალს გურჯაანი წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან, ხელნაკეთი, შემოქმედებითი, თემატური ნამუშევრები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები.

სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობებში, შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ხოლო საღამოს გაიმართება გალა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით.