თამარ ბარკალაიამ უფროს სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

16 მარტი სოციალური მუშაობის მსოფლიო დღეა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა.

შეხვედრას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, ჯანდაცვის სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე და მთელი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე უფროსი სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.

„დღეს შევხვდით უფროს სოციალურ მუშაკებს. მივულოცეთ მათ პროფესიული დღე, ასევე, ვისაუბრეთ სოციალური მუშაკის პროფესიის გაძლიერებასა და განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და გასატარებელ ღონისძიებებზე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია პროფესიული მუშაკებისა და მათი მუშაობის განვითარებასა და გაძლიერებაზე, რაც მომავალში უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხს პროფესიონალი სოციალური მუშაკების ხელშეწყობით. ეს კი, თავის მხრივ, დაეხმარება ბენეფიციარებს, გაძლიერდნენ და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ სახელმწიფო ზრუნვის სისტემის გაუმჯობესების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. ვრცლად ისაუბრა მიმდინარე ეტაპზე მიმდინარე ღონისძიებებსა და არსებულ იმ გამოწვევებზე, რაც ზრუნვის სისტემის გასაუმჯობესებლად არის დაგეგმილი. ასევე, ხაზი გაუსვა სახელმწიფო სერვისების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 2020 წლის 1-ლი თებერვალს შეიქმნა. დაარსების დღიდან სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს/რეფორმას, რომელიც ემსახურება სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. დაგეგმილია საკადრო რესურსის გაფართოება, რაც საბოლოო ჯამში გაწეული მომსახურების ხარისხზეც აისახება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

თეა გვარამაძემ უფროს სოციალურ მუშაკებს მიაწოდა ინფორმაცია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის წლის სახელმწიფო პროგრამაში” არსებული სიახლეების შესახებ, სხვადასხვა ქვეპროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სოციალური მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სოციალური მუშაობა 2000 წლიდან არსებობს, მას შემდეგ გაიზარდა სოციალური მუშაკების რიცხვი და დამსაქმებელი ორგანიზაციები. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სოციალური მუშაკების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეისათვის სააგენტოში 270 სოციალური მუშაკია დასაქმებული, მათ შორის თბილისში – 67.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სოციალური მუშაობის შესახებ და გააცნობიეროს მისი როლი სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით. სოციალური მუშაობა არის პროფესია, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების, ჯგუფის, თემის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ისეთი პირობების შექმნას, რომელიც მათი პოტენციალის სრული რეალიზაციის საშუალებას მისცემს. სოციალური მუშაობის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კანონთან კონფლიქტში მყოფი, დამოკიდებული პირები. ასევე ხანდაზმულები, მიგრანტები და სხვა.