რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ახალი გვერდი გაჩნდა ზურაბ გორნაკაშვილის სახელწოდებით. სადაც ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებული ციხიდან წერილს აქვეყნებდა. წერილი ორ ენაზე იყო გამოქვეყნებული ქართულად და რუსულად. პატიმარი მოუწოდებდა ვიღაც „ძმებს“ რომ უკვვე იყო დრო იმ ადამიანებს ეგოთ პასუხი ვინც ის და ბადურ ჩოფანაშვილი დაასმინა და მათ წინააღმდეგ ჩვენება მისცა. წერილში ის ტავის ოჯახის წევრებზე საუბრობდა და ამბობდა რომ ის მხოლოდ მტრებმა კი არა ოჯახის წევრებმაც გაწირეს.

„მოგესალმებით ძმებო ! ღმერთი იყოს თქვენი მფარევლი, მე კარგად ვარ, ციხე ვერ გამტეხავს, მე სალაფიტი ვარ და ყველა გაჭირვებას გადავიტან, ვიცი ისლამი და ვიცი ისლამის ტრადიციები. ძმებო, დროა უკვე მათ მოეთხოვოთ პასუხი ვინც ჩვენ ციხეში დაგავმწყვდია. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი ჩემი თუ თქვენი ოჯახის წევრები.

ძმებო ვიცი რომ ჩემს საქმეს საიდუმლო დაადეს და ვერ იგებთ ვინ გამყიდა, გაყიდვით ბევრმა გაგვყიდა, სასამართლოზე ხელი დამადეს და ჩვენზე ილაპარაკეს ის რაც არ უნდა ელაპარაკათ. გაგვყიდა ისეთმაც რომელსაც დაბადებიდან ვიცნობდი, ჩემმა დამ, ნანული ჟაბრაილოვა გორნაკაშვილმა, გაგვიყდა რუსლან ქავთარაშვილმა, ისლამ ფარეულიძემ და მაგადან მარგოშვილმა დღეისათვის მხოლოდ ამათ დავასახელებ. დაე მათ მიიღონ ის რაც ალაჰს სურს, რომ მიიღოს ყველა გამყიდველმა ვინც ძმა გაყიდა !“

ფეისბუქ გვერდი რომლიდანაც ის გამოქვეყნდა რამდენიმე საათში წაიშალა ან გაუქმდა. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია ფაქტის ნამდვილობს შესახებ.

შეგახსენებთ რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულები – ზურაბ გორნაკაშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი დამნაშავეებად ცნო. მათ ბრალად წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა ედებოდათ.

სასამართლოს განცხადებით, საქმე ეხება 2017 წლის 21 ნოემბერს, თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რა დროსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცავების მიმართ ინტენსიური ცეცხლი გახსნეს.

დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ზურაბ გორნაკაშვილის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებიც, რომელიც ბრალდებულმა ზურაბ გორნაკაშვილმა დღევანდელ სხდომაზე უდაოდ ცნო. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ზურაბ გორნაკაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

By admin