ბავშვთა დაცვის დღე, რომელიც 1 ივნისს აღინიშნება, ერთერთი ყველაზე ხნოვანი საერთაშორისო დღესასწაულია, მას მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღნიშნავენ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელს მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება, 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული.  ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია. 

ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები. ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ ცხოვრება.

საქართველოში ამ დღეს ბევრ სიურპრიზს ელიან. თბილისის პარკ მზიურში ტრადიციისამებრ „მზის ფესტივალი“ ჩატარდება, რომლის ფარგლებში გაიმართება სათამაშოებისა და ხელნაკეთობების ბაზრობა, თოჯინების დამზადების მასტერ-კლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა, სპორტული შეჯიბრები, ასევე მშობლებისთვის მხიარული კონკურსები.

ამ დღეს ზოოპარკში ილუზიონისტის შოუ და საცირკო წარმოდგენა გაიმართება, რომლის დროსაც ბავშვებს ფოკუსების და საცირკო ნომრების შესრულებას ასწავლიან, საუკეთესოები კი სიგელებით დაჯილდოვდებიან.

დამთვალიერებლები ასევე თოჯინების თეატრისა და ჩრდილების თეატრის სპექტაკლების ნახვას შეძლებენ.

გასართობ პროგრამაში ასევე მხიარული კონკურსები შევა: გუნდური თამაშები, ხილის ბურთულებით თამაშები, რბოლები, შეჯიბრები სამაგიდო ფეხბურთში და ჰოკეიში.

ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.

ბავშვთა უფლებების დეკლარაცია 1959 წელს იყო მიღებული და ბავშვთა თანაბარი უფლებები გამოაცხადა აღზრდის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, ფიზიკური და სულიერი განვითარების სფეროში, დამოუკიდებლად კანის ფერის, ეროვნული კუთვნილების, საზოგადოებრივი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და ა.შ. 

დეკლარაცია მოუწოდებს მშობლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მთავრობებს აღიარონ ბავშვთა უფლებები და მათ განხორციელებას ხელი შეუწყონ. 

პირველი და ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც ბავშვთა უფლებები საერთაშორისო სამართლის დონეზე იხილებოდა, გაეროს მიერ 1989 წელს 20 ნოემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია გახდა. კონვენციას ხელი 61 ქვეყანამ  მოაწერა. 

თითოეულ ქვეყანაში ბავშვები მოსახლეობის დაახლოებით 20-25% შეადგენენ. სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ. მაგალითად, ევროპასა და ამერიკაში დიდ პრობლემად ითვლება ტელევიზიისა და ინტერნეტის ნეგატიური ზეგავლენა.

აფრიკის და აზიის ქვეყნებში ბავშვებს ემუქრება შიმშილი, შიდსი, სამხედრო კონფლიქტები და წერა-კითხვის უცოდინარობა. ბავშვები იქ ექიმებისა და მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპებიან. ასეთ ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალია. 

ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვებს როგორც უფასო სამუშაო ძალას იყენებენ და მონობაშიც ყიდიან.

ბავშვების მკაცრი აღზრდა, რომელიც საქართველოში ნორმად ითვლება, მიუღებელია, რადგან ეს მათ უფლებებს არღვევს, მიაჩნია UNICEF კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს.

UNICEF-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 45% თვლის, რომ ბავშვების მიმართ ფიზიკური ძალადობა მისაღებია. გამოკითხულთა 60%-მა თქვა, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდები უკეთეს შედეგებს იძლევა.

By admin