შეხვედრა თესაუ-ში DARE -ს კონსორციუმის ფარგლებში

შეხვედრა თესაუ-ში DARE -ს კონსორციუმის ფარგლებში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, DARE -ს კონსორციუმის ფარგლებში, შეხვედრები დაიწყო. 
პირველი პლენარული სხდომა დღეს თესაუ-ს უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა გახსნა. როგორც მან განაცხადა, DARE, DOIT-ის მულტიკულტურული პროექტის შემდეგ, მეორე წარმატებული პროექტია, რომელმაც ევროკომისიის ექსპერტების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნულ პროგრამებში, ევროპის სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქტიურადაა ჩართული.
DARE-ს პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობის და ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის თესაუ-ში ხელსაყრელი პირობების შექმნას. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები მიზნობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. ეს კურსებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარ-ჩვევები და მათემატიკა, უცხო ენა (რუსული და ინგლისური).

პროექტის დაწყებიდან პირველი კონსორციუმის შეხვედრა მურსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაიმართა, მეორე კონსორციუმის შეხვედრა _ ისრაელში, “აქვას“ კოლეჯში, მესამე შეხვედრა კი, 2016 წლის 21-24 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება.

პროექტის “უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის” (Developing programs for Access of disadvantaged groups of people and Regions to higher Education“ – DARE) – ფარგლებში, 2015 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას ჰაიფას უნივერსიტეტს, ისრაელსა და ევროკავშირის ტემპუსის პროგრამას შორის. პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია.