პანკისში 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს, დაჭრილია 2 ადამიანი

ფოტო არქივიდან

ფოტო არქივიდან

პანკისის ხეობაში 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს. მკვლელობა დღეს, სოფელ საკობიანოში მოხდა. დაჭრილია სულ მცირე 2 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაჭრილთაგან ერთ-ერთი პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კოორდინატორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის მერაბ ქავთარაშვილის ძმა, მურად ქავთარაშვილია.

მკვლელობა შესაძლოა „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. ადგილობრივებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, რომ მოკლულის ახლობელი და მისი თანამოაზრეები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ, მანამდე ცემეს, რის გამოც გვარებს შორის დაპირისპირება გაღრმავდა.

მკვლელობის კიდევ ერთ მიზეზად გვარებს, დუისელ ქავთარაშვილებსა და ჯოყოლოელ მუთოშვილებს შორის მანამდე არსებული დაპირისპირება სახელდება, რომელიც რამდენჯერმე ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტის მოგვარებას პანკისის უხუცესთა კავშირიც ცდილობდა. როგორც პანკისის სათემო რადიოს ხასო ხანგოშვილმა უთხრა, ამ საკითხზე დღეს, დილით, 11 საათზე შეხვედრაც გაიმართა, მაგრამ მოლაპარაკება ვერ შედგა.