წელს საქართველო $2.3 მილიარდის ფულად გზავნილებს მიიღებს – Galt & Taggart

Galt & Taggart-ის ეკონომისტ ლაშა ქავთარაძის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში სავარაუდოდ, 2.3 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე Galt & Taggart-ი უფრო დიდი მოცულობის – 2.6 მილიარდი დოლარის ფულად გზავნილების შემოსვლას პროგნოზირებდა, თუმცა შეცვლილი ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიიჩნევენ, რომ წელს, დაახლოებით, იმდენი თანხა გადმოირიცხება უცხოეთიდან, რამდენიც 2021 წელს.

“მარტის მონაცემებს თუ შევხედავთ, დაახლოებით, 16%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან და განულებულია უკრაინიდან გზავნილები, თუმცა ჯამურად მაინც გაზრდილია 6%-ით ფულადი გზავნილები. წლის დასაწყისში პროგნოზი იყო, რომ 2.6 მილიარდი დოილარი იქნებოდა ფულადი გზავნილები წლიურად, თუმცა რაც ომი დაიწყო შემცირებული გვაქვს პროგნოზი და ვფიქრობთ, დიდი გაუარესება არ გვექნება და რაც შარშან იყო – 2.3 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება ფულადი გზავნილები”, – ამბობს ლაშა ქავთარაძე.

მარტში საქართველოში 193.1 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6%-ით მეტია. ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა იტალია, საიდანაც 36 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ეს თანხა წინა წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. 16%-იანი ვარდნაა გზავნილებში რუსეთის ფედერაციიდან, საიდანაც მარტში 27 მილიონი დოლარი შემოვიდა. აშშ კი მესამე პოზიციას იკავებს 26 მილიონის გზავნილებით.