იცით, რომ მიუხედავად თქვენი პრემიერის მოწოდებისა, 1 ლ საწვავი 4 ლარი ღირს? – ლილუაშვილი „ოცნებას“

„პრობლემებს კი არ გიკიჟინებთ, გზებსაც გთავაზობთ, თქვენ კი პოლიტიკური კომპლექსების გამო უარგუმენტოდ უარს გვეუბნებით. უმოქმედობას იჩენთ, რა ჰქვია ამას?! კითხვა რიტორიკულია“, – ასე მიმართა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს პარტია “საქართველოსთვის” წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლილუაშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, გაიზარდა ფასები პროდუქტსა და საწვავზე.

“მე ტრადიციულად, ჯიუტად მინდა კვლავ ვისაუბრო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები დგანან. რამდენიმე ფაქტი უნდა შეგახსენოთ, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია, შემოგვითავაზებია გამოსავალი, გეგმა, საკანონმდებლო ნაბიჯები თუ სხვა ინიციატივები.

მაგალითად, თუ იცით, რამდენია 1 ლიტრი საწვავის ფასი დღეს? 1 ლიტრი საწვავის ფასი 4 ლარია, მიუხედავად თქვენი პრემიერ-მინისტრის მოწოდებისა, კომპანიების მიმართ, რაც თავისთავად გაუგებარი ამბავია. განცხადებები, როგორ არ უნდა აყოლოდა მოსახლეობა პროვოკაციებს საწვავის ფასზე და როგორ უნდა ყოფილიყო კმაყოფილი იმით, რომ 100 ქვეყანას ვჯობნით ბენზინის ფასით.

საწვავის ფასზე შემოგთავაზეთ მოკვლევა საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში – უარი გვითხარით და დღემდე ალტერნატივის სახით არ გაგიკეთებიათ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს საწვავის ბაზარზე არსებული ვითარების შესასწავლად დრო 15 მაისამდე მისცა.