დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანამ რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო.

„დღეს, 01:00 საათიდან, რუმინეთში ექსპორტი დაიწყო. საწყისი მოცულობა 100 მეგავატია. ევროკავშირთან უვიზო ენერგეტიკული რეჟიმი, რომელიც 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, ყოვლისმომცველ და პრაქტიკულ შედეგს იძლევა. პირველი დღის განმავლობაში, Ukrenergo National Power Company-მ, სახელმწიფოთშორისი კავშირის ხელმისაწვდომობის გაყიდვიდან, 10 მილიონი გრივნა გამოიმუშავა“, – წერს შმიგალი Telegram-ზე.

მისი თქმით, ევროპის მიმართულებით, უკრაინის ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალი 2,5 გიგავატამდეა. ამ გზით, სახელმწიფო ბიუჯეტში წელიწადში 70 მილიარდ გრივნაზე მეტი შევა.

„ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ეს საშუალებას მოგვცემს, ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გავზარდოთ და სექტორი ევროკავშირის საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად განვაახლოთ“, – აღნიშნავს შმიგალი.

16 მარტს უკრაინა გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპულ ქსელს (ENTSO-E) ოფიციალურად შეუერთდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.