გერმანიამ ზამთრისთვის ენერგიის დასაზოგად, ახალი ზომები დაამტკიცა

გერმანიის მთავრობამ, ზამთრისთვის ენერგიის დასაზოგად, ახალი ზომები დაამტკიცა, რომელთა მიხედვითაც, საჯარო შენობებში გათბობისა და განათების გამოყენების წესებს ზღუდავს, – ამის შესახებ BBC წერს.

ახალი წესებით მიზნად გაზის მოხმარების 2%-ით შემცირებას ისახავს. „ეს რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირების მცდელობის ნაწილია“, – წერს BBC.

მედიასაშუალების ცნობით, სექტემბრიდან, საზოგადოებრივი შენობები, გარდა ისეთი დაწესებულებებისა, როგორიც საავადმყოფოა, გათბობა შეიძლება მთლიანად გამორთონ შესასვლელებში, დერეფნებსა და ფოიეებში.

ასევე, საჯარო მონუმენტები და შენობები, ესთეტიკური მიზნით, არ განათდება. ამასთან, შესაძლოა, ბიზნესს მაღაზიების ღამით განათება აეკრძალოს. არაა გამორიცხული, კერძო საცურაო აუზების გათბობაც აკრძალონ.

„ქვეყანას სურს, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს რუსული ენერგორესურსების იმპორტისგან“, – აცხადებენ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში.

BBC-ს ცნობით, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, გერმანია გაზის 55%-ს რუსეთიდან იღებდა, მაგრამ ახლა, ეს მაჩვენებელი 35%-მდე შეამცირა. ქვეყნის მთავრობა პირობას დებს, რომ რუსული ენერგორესურსების იმპორტს მთლიანად შეწყვეტს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.