მიმდინარე წელს საქართველომ 16.3 მლნ დოლარის ღირებულების 653 ტონა სუნამოები და ტუალეტის წყალი შეიძინა.

9 თვის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სუნამოების იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 10.9%-ით გაიზარდა. აღსანიშნია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სუნამოებისა და ტუალეტის წყლის იმპორტის ღირებულება 2018 წლის მაჩვენებელს თითქმის გაუტოლდა (16.3 მლნ დოლარი), თუმცა მოცულობით 20.3%-ით ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში საიმპორტო საქონლის ღირებულება გაიზარდა. თავის მხრივ 2018 წლის 9 თვეში საქართველოში სუნამოების იმპორტი რეკორდული იყო.

საიმპორტო ქვეყნებს თუ შევხედავთ, საანგარიშო პერიოდში პირველი საიმპორტო ბაზარი ღირებულებით საფრანგეთი იყო, ხოლო ყველაზე დიდი მოცულობით ამ დასახელების საქონელი ჩინეთიდან შემოვიდა. სუნამოებისა და ტუალეტის წყლის TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი, ღირებულების მიხედვით ასეთია:

1. საფრანგეთი – 2.7 მლნ დოლარი, 45 ტონა;
2. ესპანეთი – 1.9 მლნ დოლარი, 40 ტონა;
3. რუსეთი – 1.6 მლნ დოლარი, 53 ტონა;
4. პოლონეთი – 1.6 მლნ დოლარი, 122 ტონა;
5. ბელგია – 1.3 მლნ დოლარი, 8 ტონა;
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1.3 მლნ დოლარი, 93 ტონა;
7. ჩინეთი – 1.1 მლნ დოლარი, 126 ტონა;
8. იტალია – 997 ათასი დოლარი, 17 ტონა;
9. თურქეთი – 958 ათასი დოლარი, 79 ტონა;
10. ნიდერლანდები – 862 ათასი დოლარი, 15 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა, მცირე მოცულობით სუნამოები და ტუალეტის წყალი შვეიცარიაში, გერმანიაში, უკრაინაში, ჩეხეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ჰონ-კონგში, ომანში და სხვა ქვეყნებში შევიძინეთ.

რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყანამ სუნამოებისა და ტუალეტის წყლის რეალიზებით 4.5 მლნ დოლარის შემოსავალს მიიღო. შედეგად 51 ტონა საქონელი გაყიდა.
მთლიან ექსპორტში, ადგილობრივ ექსპორტი 1,5 მლნ დოლარის ღირებულების 19 ტონა იყო, ხოლო რეექსპორტი 2.9 მლნ დოლარი, 32 ტონა იყო. საექსპორტო ქვეყნებს კი შვეიცარია (2.3 მლნ დოლარი, 17 ტონა), ნიდერლანდები (1.5 მლნ დოლარი, 13 ტონა), ლიეტუვა (157 ათასი დოლარი, 2 ტონა), ესტონეთი (140 ათასი დოლარი, 3 ტონა), სომხეთი (137 ათასი დოლარი, 11 ტონა).