გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმე ევროკავშირის სანდოობას ეხება.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

„ეს დაუჯერებელი ინციდენტია, რომელიც კანონის სრული ძალით უნდა გაირკვეს. საქმე ევროკავშირის სანდოობას ეხება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.