რატომ შემცირდა ჩაის ექსპორტი? – „მეჩაიეთა ასოციაციის“ შეფასება

ბოლო წლებში საქართველოდან ჩაის ექსპორტი გაზრდილია. რეკორდული მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა, როდესაც საექსპორტო ბაზრებზე $5.1 მლნ ღირებულების ჩაი გავიდა. თუმცა წელს, პირველ 3 თვეში, ჩაის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ შემცირებულია.

როგორც „მეჩაიეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე BMGTV-ს გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტავს, ამის მიზეზი ნედლეულის კრეფის შემცირებაა.

„მოგეხსენებათ, ჩაის მრეწველობაში სიძნელეები ყოველთვის იყო. დღეს ყველა მეწარმე გადავიდა ძალიან მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებაზე, რამაც გარკვეული გადაჯგუფება გამოიწვია. ნედლეულის კრეფა შემცირდა იმდენად, რამდენადაც ხარისხიანი ჩაის მოკრეფა უნდათ, რომ ხარისხიანი პროდუქტი გამოვიდეს.

შესაბამისად, თანდათან აეწყო ისე, რომ ყველა ჩაი, რომელიც საქართველოში იწარმოება, არის ძალიან მაღალი ხარისხის, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით“, – აღნიშნავს თენგიზ სვანიძე.

ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ჩაის ხარისხის ზრდა გამოიწვია კონკურენციამ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტული პროდუქციის სიმრავლითაა გამოწვეული.

„უხარისხო ჩაის წარმოება, პრაქტიკულად, აღარ არის მომგებიანი და აღარც საჭირო. იმდენად, რამდენადაც უხარისხო ჩაის პროდუქცია არ იყიდება და იმდენად დაბალი ფასი აქვს, რომ წარმოება არც ღირს.

ამიტომ ეს ნიშა უნდა დავიჭიროთ მაღალი ხარისხის წარმოების და ამით შიდა ბაზრის ათვისება უფრო ინტენსიურად უნდა წავიდეს. ჩვენდა სამწუხაროდ, შიდა ბაზარზეც კი ჩვენი პროდუქცია მხოლოდ 20-25%-ია, დანარჩენი იმპორტულ ჩაის უჭირავს და ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდა. ამის შესაბამისად, წარმოებაც მოიმატებს და ექსპორტიც გაიზრდება“, – ამბობს თენგიზ სვანიძე.
წამყვანის კითხვაზე, რა არის ქართული ჩაისთვის ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე დიდი გამოწვევა, სვანიძე პროდუქციის ფასებს ასახელებს.

„იმპორტული ჩაი შემოდის დემპინგურ ფასებში და ჩვენი ჩაი, ფასის მიხედვით, კონკურენციას მაინცდამაინც ვერ უწევს. ამასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს უკვე მივმართეთ, პროექტი გამზადებული და გაგზავნილი გვაქვს, თუმცა პროცესი ნელი ტემპით მიდის.

თუ დემპინგური ფასების საკითხი გადაწყდა, იმპორტული ჩაის ფასი მოიმატებს და ქართული ჩაის პროდუქციის გაყიდვები გაიზრდება, იმიტომ რომ ხარისხში იმპორტული ჩაი ჩვენსას კონკურენციას ვერ გაუწევს“, – აღნიშნავს „მეჩაიეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთა ბაზრებსაც ითვისებს ქართული ჩაი, სვანიძე განმარტავს, რომ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე მონღოლეთია, თუმცა საექსპორტო მიმართულება აღმოსავლეთ ევროპის მხარეს უფრო იზრდება.

„მონღოლეთი მოწინავე პოზიციაზე, მაგრამ აქ ძირითადად გადის ე.წ. „აგურა“ ჩაი, ორ კილოგრამიანი ფილები, რომლებიც მზადდება ლაო ჩაისგან და მაღალი ხარისხის ნატურალური ჩაი არ არის, თუმცა მონღოლეთში ძალიან მოსწონთ და ყიდულობენ.

დანარჩენი, მაღალი ხარისხის ჩაის პროდუქცია, ძირითადად, დაფასოებული სახით გადის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ეს ბაზრები თანდათან ფართოვდება: ახლახან გერმანიაში გავიდა ჩაი, ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში გადის, ბელორუსიაში გადიოდა, ჩეხეთში.. ევროპის ქვეყნებში ქართული ჩაის პოპულარობა თანდათან იწევს და ფასითაც და ხარისხითაც კონკურენტუნარიანია“, – ამბობს თენგიზ სვანიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.