ყვარელში ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი მძიმედ დაშავდა

დათო ამონაშვილის ფოტო

დათო ამონაშვილის ფოტო

ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ შილდაში მცხოვრები სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ორად გაიყო. ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, ორი კი ყვარლის კლინიკაში მიყვანისთანავე. გარდაცვლილები არიან 17, 21 და 22 წლის ახალგაზრდები. მძიმედ არის დაშავებული 19 წლის ბიჭი, რომელიც ავტომობილს მართავდა.

დაშავებული ყვარლის კლინიკიდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები და მუცლის ღრუში ორგანოების დაზიანებები აქვს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაშავებული სოფელ შილდის მკვიდრია. ამავე სოფლის მცხოვრებლები იყვნენ გარდაცვლილებიც.