ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს

ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიამ რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომელი, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს. 

ამასთან, გერმანია იტოვებს უფლებას მიიღოს სხვა ზომებიც, თუ რუსეთი ამ საქმეზე მათთან არ ითანამშრომლებს. TWITTER POST

როგორც Spiegel-ი წერს, რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება უკვე გააკეთა და ბერლინის გადაწყვეტილებას „გაუაზრებელი და არამეგობრული“ უწოდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ისინი იძულებული იქნებიან საპასუხო ზომები მიიღონ.

მანამდე გამოცემა Bellingcat-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაარკვია რუსეთის მოქალაქის ვინაობა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბერლინში საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.

Spiegel​-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ხანგოშვილის მკვლელის ნამდვილი სახელი ვადიმ კრასიკოვია. ის გერმანიაში 49 წლის ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.

WSJ-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთმა შეუკვეთა. ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.