თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, „თელავის დემოკრატიის სკოლის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა.

დღეს გამართულ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რაც შარვაშიძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა.

ნიკოლოზ შარვაშიძე 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. შსს მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.

„დღევანდელ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ დაკავების ოქმი და პოლიციელის ჩვენება, რომლის თანახმადაც, სამართალდამცველების მისამართით ვიგინებოდი და წინააღმდეგობას ვუწევდი, რაც ჩემი დაკავების საფუძველი გახდა. მე წარვადგინე დაკავების ამსახველი კადრები, რამაც პოლიციელის ჩვენება გააქარწყლა. პოლიციელმა თქვა, რომ შესაძლოა ჩემი გინება მისმა მეწყვილემ გაიგო, რადგან თავად შორს იმყოფებოდა. მოსამართლემ შს სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა, სურდათ თუ არა პროცესის გადადება, რაზეც უარი თქვეს“, – უთხრა „რეგინფოს“ ნიკოლოზ შარვაშიძემ.

შარვაშიძის მტკიცებით, დაკავების დროს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, დაკავების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა.

„პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. იმის გამო, რომ სტაციონარში უნდა გადავეყვანე, ხელწერილი დამაწერინეს და გამათავისუფლეს“, – ამბობს შარვაშიძე.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ნიკოლოზ შარვაშიძის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და ერთ-ერთი მათგანის – ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, საიდანაც მან რუსულად მიმართა ასამბლეის მონაწილე ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენა. აქციის დაშლის ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დემონსტრანტებს დამიზნებით ესროდნენ. საავადმყოფოებში აქციის დაშლისას დაშავებული 240 ადამიანი გადაიყვანეს.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი. მათგან დაკავებულია პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატი ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძების სახით გირაო აქვს შეფარდებული. დაკავებულებიდან ორი სამართალდამცველია.