ახალი ამბები– 13.08.2013

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იზიარებს “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცესკო არასწორად ინტერპრეტირებს კონსტიტუციას, როდესაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.

“ეს საკითხი, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, არის ცალსახა და მართლა მიკვირს, რატომ იწვევს გაუგებრობას. ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მაგ მოტივით ეტყვიან უარს [რეგისტრაციაზე], გავუწიოთ საადვოკატო დახმარება”, – “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე.

ეკა აზარაშვილი – ცესკოს პრესსპიკერი
ეკა აზარაშვილი – ცესკოს პრესსპიკერი

“ცესკოს თავმჯდომარე თავის არაკომპეტენურ გადაწყვეტილებას კიდევ ამატებს იმას, რომ ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალური ორგანიზაცია  [ISFED-ის რეპუტაციას] აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ”, – აღნიშნავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დირექტორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

დისკუსია საქართველოს კონსტიტუციის ირგვლივ და კონკრეტულად იმ საკითხის შესახებ, აქვს თუ არა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ამ თანამდებობის დაკავების უფლება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატობის ორ მსურველს, ტარიელ ხვედელიძესა და გიორგი გახოკიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა, ხოლო მიზეზად მათი ორმაგი მოქალაქეობა დაასახელა. საქართველოს კონსტიტუციის 29–ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ცესკო სწორედ ამ მუხლზე აპელირებს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED–მა მიიჩნია, რომ მხოლოდ ამ მუხლზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება სწორი არ არის და კონსტიტუციის გააზრება მთლიანობაში უნდა მოხდეს. ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა, რომელიც ამ პოსტს უკვე ტოვებს, ISFED-ის შეფასებები ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა მიმართ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის საკითხზე არაკვალიფიციურად მიიჩნია და მოუწოდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს: “ნუ დააყენებენ თავიანთ შეფასებებს კონსტიტუციასა და სასამართლოზე მაღლა, რაც ეჭვქვეშ დააყენებს მათ კომპეტენციასა და მიუკერძოებლობას”.

 ცესკოში ზურაბ ხარატიშვილის მიერ თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს, უცნობია დარჩება თუ არა ცესკო კვლავ ანალოგიურ პოზიციაზე. 

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

“კონსტიტუცია ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს შეუძლია გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ კონსტიტუციაში ან სხვა რომელიმე კანონში არ არსებობს აკრძალვა, რომელიც იმ ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეცაა, აუკრძალავს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას. ანუ ორმაგი მოქალაქეობა შესაბამისად დამაბრკოლებელი გარემოება იქნება იმ კანდიდატისთვის, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე. მაგალითად, თუ ვინმე იქნება ბრაზილიის და საქართველოს მოქალაქე, ის, რადგან ორმაგი მოქალაქეა, საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება, მაგრამ თუ ვინმე იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს: ჰოლანდიის, გერმანიის თუ ესპანეთის და, ამავდროულად, საქართველოს მოქალაქე, ის ჩვენი კანონმდებლობის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი გახდება”, – აცხადებს საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე და დასძენს, რომ ეს კანონმდებლობიდან ცალსახად გამომდინარეობს.

მისი თქმით, ცესკო არასწორ განმარტებას აკეთებს, როდესაც კონსტიტუციის 29–ე მუხლზე დაყრდნობით ორმაგ მოქალაქეებს კანდიდატად არ არეგისტრირებს.

“ცესკოს ლოგიკით გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება დამაბრკოლებელი გარემოება იყოს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად… თუ საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეცაა და პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება სურს, ცესკოს ლოგიკით ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს, მაგრამ რომ არ ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქე ყოფლიყო, მაშინ დაიკავებდა… ეს არის აბსურდი. როგორ შეიძლება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობამ და კონსტიტუციამ დაადგინოს სტანდარტი, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის მოქალაქეობა დამაბრკოლებელ გარემოებად ჩაითვალოს. ეს განმარტება ყველა სამართლებრივ პრინციპთან წინააღმდეგობაში მოდის. კონსტიტუციის 104 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ ის შეზღუდვა, რაც 29-ე მუხლში წერია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ვერ გახდება ორმაგი მოქალაქე, არ მოქმედებს ამ შემთხვევაშიო, ანუ ევროკავშირის მოქალაქესთან მიმართებაში ეს შეზღუდვა არ მოქმედებსო. ეს პირდაპირ წერია კონსტიტუციაში და მართლა ვერ ვხვდები, რანაირად განმარტავენ ისე, რომ საწინააღმდეგო აზრი გამოჰყავთ”.

ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი კი  “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ კანონმდებლობის განმარტება კომისიის საქმე არ არის. მისი თქმით, უწყების თავმჯდომარემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციიციდან გამომდინარეობდა და შემდგომში ამ გადაწყვეტილების მართებულობა სასამართლომაც დაადასტურა:

“როდესაც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ტარიელ ხვედელიძის რეგისტრაციის საკითხი წყდებოდა, რომელიც, ამავდროულად, იყო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ცესკოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა რეგისტრაციაზე ეთქვა უარი. ასეთი პრეცედენტი არსებობდა. შემდეგ ამ ადამიანმა გაასაჩივრა სასამართლოში და სასამართლომ ჩათვალა, რომ ცესკოს გადაწყვეტილება იყო კონსტიტიციურ ნორმებთან შესაბამისობაში და დატოვა ძალაში. ცესკო არ აკეთებს მუხლების განმარტებებს, განმარტებები შეიძლება გააკეთოს სასამართლომ”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ხვედელიძე საქართველოსთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეობასც ფლობს.

კახა კოჟორიძის აზრით კი, ცესკომაც და სასამართლომაც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღეს. სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის საქმე

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ღიად გამოთქვა, თუმცა მისი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან ცესკოში საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირება ვერ მოახერხოს. ამის მიზეზი მისი ორმაგი მოქალაქეობაა – სალომე ზურაბიშვილი ქართულთან ერთად ფრანგულ პასპორტსაც ფლობს.

“ჩვენი აზრით, ცალსახაა, რომ პრეზიდნეტობის კანდიდატად შეიძლება დარეგისტრირდეს ადამიანი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ოღონდ ეს უნდა იყოს დაბადებით საქართველოს მოქალაქეობა, რაც, სამწუხაროდ, რამდენადაც მე ვიცი, ქალბატონ ზურაბიშვილს არ აქვს”, – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შემთხვევას, იგივე შემთხვევაა აქაც ორმაგ მოქალაქეობასთან მიმართებაში, მაგრამ მანდ, მე როგორც ვიცი, მასთან მიმართებაში კიდევ ერთი დაბრკოლება არსებობს: საუბარია იმაზე, საქართველოში არის თუ არა დაბადებული. ეს კიდევ დამატებითი გარემოებაა. ანუ ორმაგი მოქალაქეობა ცალკე სამსჯელო საკითხია, მაგრამ არის თუ არა პირი საქართველოში დაბადებული, ეს კიდევ ცალკე თემაა. მე არ ვიცი, თუ ქალბატონი სალომე საქართველოში დაბადებული არ არის, მაგ შემთხვევაში ის ვერ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, მაგრამ თუ ცესკო იმიტომ ეტყვის უარს, რომ იგი ორმაგი მოქალაქეა, ეს არ იქნება კანონიერი უარი, მაგრამ  თუ დაადგენს, რომ იგი არ არის საქართველოში დაბადებული და ამ მოტივით ეტყვის უარს, ეგ კიდევ შეიძლება”, – ამბობს კახა კოჟორიძე.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პარიზშია დაბადებული, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას ოპტიმისტურად უყურებს:

“იმედი მაქვს, არავის ეჭვი არ გაუჩნდებოდა იმის შესახებ, რომ სანამ ამ სერიოზულ საქმეში ჩავებმებოდი, საჭირო კონსულტაციები გავლილი მექნებოდა და განხილული არსებული მრავალი პრეცედენტი.

…ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მის მიერ დაპირებულ “ყველაზე დემოკრატიულ არჩევნების” ჩატარებას და ამით მსოფლიოს გაკვირვებას. მე პირადად ამ სიტყვის მჯერა და მინდა მჯეროდეს, ამიტომაც რეგიტსრაციაზე დავაყენებ კანდიდატურას”.

ცესკოში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალური განცხადებით მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს, ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან მისი მონაცემები ჯერ არ განუხილავთ.

By admin