„ქრისტეს ტირილი“ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში

31 ოქტომბერი, 2019


ილია მეორე და მეუფე პეტრე
ილია მეორე და მეუფე პეტრე

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 17 საუკუნოვან ისტორიაში, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმიდა სინოდის სხდომა, შევა, როგორც ერთ-ერთი, ყველაზე სკანდალური, აქამდე გამართულ სხდომებს შორის.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, 49 წლის მეუფე პეტრემ სინოდის კრებაზე საჯაროდ, წმიდა სინოდის თავმჯდომარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, 86 წლის ილია II -ს “მამათმავლობაში” დასდო ბრალი.

ამ ბრალდების გამო, ცნობების თანახმად, წმიდა სინოდის წევრები ჭყონდიდის მიტროპოლიტს ხელით შეეხნენ, რა დროსაც პატრიარქის კვერთხი წაიქცა. საბოლოოდ, პეტრე სინოდიდან გამოაძევეს, მღვდელმოქმედება აუკრძალეს, ჭყონდიდის ეპარქიიდან გაანთავისუფლეს და ცოდვების მოსანანიებლად მონასტერში წასვლა დაუდგინეს.

საპასუხოდ, ყოფილმა მიტროპოლიტმა, რომელსაც მაღალი ალბათობით, ეკლესიიდან განკვეთა ელოდება, თქვა, რომ ჰყავს მოწმეები, რომლებიც პატრიარქის მიმართ წაყენებულ ბრალდებას დაადასტურებენ. ერთ-ერთი მათგანი, ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეა.

რა ხდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და როგორ აისახება ეს პროცესები სამღვდელოებაზე, მრევლზე და სახელმწიფოზე? “ამერიკის ხმა” თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილს ესაუბრა:

ბრალდებების შესახებ

„ვითარება რთულია, მაგრამ ამ თემებზე (ბრალდებებზე) ეკლესიის კულუარებში სულ იყო საუბარი. უფრო ადრე. ჩემთვის პირადად, ნებისმიერი ადამიანის პირად ცხოვრებაზე საჯარო სივრცეში საუბარი არაა მოსაწონი, რა იერარქისაც არ უნდა იყოს იგი. მეორეს მხრივ, კულუარებში მუდმივად მუსირებდა აზრი, რომ სხვადასხვა მაღალი საეკლესიო იერარქის პირადი ცხოვრების გამო, დიდი ხნის მანძილზე, სხვადასხვა მთავრობა აშანტაჟებდა და იბირებდა ეკლესიას საკუთარი მიზნების მისაღწევად. ის, რომ ეს ბრალდება, ამ ფორმით სინოდის სხდომაზე გაჟღერდა, ეს იყო ახალი და არა თავად ბრალდება“

მონასტერში გაშვებაზე

„თუ ჩვენ გადავხედავთ, მისი უწმინდესობის მოღვაწეობას ამ წლების მანძილზე დავინახავთ, რომ ვინც მას პირადად შეეხო ან დაუპირისპირდა, სხვადასხვა ფორმით, ყველა დაისაჯა. მეუფე პეტრეც პიროვნულად შეეხო ახლა პატრიარქს და მანაც ეს სასჯელი მიიღო. რაღაც ტენდენციასავით არის, თუ ამ ზღვარს არ გადადიხარ, შეიძლება ადვილად გამოძვრე, მაგრამ უკვე როცა პატრიარქს ეხები აუცილებლად დაისჯები“.

სქიზმის-განხეთქილების საფრთხეზე

„ბოლო წლებში, საქართველოს ეკლესია პირველად დადგა სქიზმის საფრთხის წინაშე. აქამდეც იყო მსგავსი შემთხვევები, იგივე ბასილ მკალავიშვილთან, ქრისტეფორე წამალაიძესთან და სხვებთან კონფლიქტის დროს, მაგრამ ეს შიდა ეკლესიური დაპირისპირება არ ყოფილა ასეთი დიდი მასშტაბის. მეუფე პეტრეს თავის ეპარქიაში საკმაოდ მძლავრი და კარგად შეკრული სამღვდელოება და მრევლი ჰყავდა. ამიტომ, საფრთხე რეალურია, რომ საქართველოს ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიაში სქიზმა მოხდეს და ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ახალი მეუფე კაცია არ აღიარონ“.

წმიდა სინოდზე

„რაც აქამდე სინოდის შიგნით რჩებოდა, დღეს უკვე გარეთ გამოვიდა, ანუ გავიგეთ, რომ ყველა მღვდელმთავარი ერთ აზრზე არაა, როგორც ამას გვიმტკიცებდნენ, რომ იქ ხდება შეურაცხყოფაც, გაწევ-გამოწევაც, ეპისკოპოსების გაშველებაც არის თურმე საჭირო და სხვა საეკლესიო ცხოვრებისთვის არც ისე მისაღები რაღაცეები ხდება“.

რამ მიიყვანა ეკლესია აქამდე

„საქართველოს ეკლესიაში წლების მანძილზე, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, ძალიან ბევრი მიმართულებით.. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ნებსით თუ უნებლიეთ, ეს პრობლემები არ გვარდებოდა. ამან კი შედეგად მოიტანა ის დიდი ბომბი, რომელიც 2016 წელს ციანიდის საქმით გასკდა. ეს სიტუაცია ასე მალე არ ჩაწყნარდება და კიდევ ძალიან ბევრ ვინმეს ჩაიყოლებს“.

იყო, თუ არა ეს სინოდის სხდომა ყველაზე სკანდალური ?

“არა, ამაზე სკანდალური სინოდის სხდომებიც ყოფილა, ძალიან შორს, რომ არ წავიდეთ, იგივე ურბნელი მიტროპოლიტის გაიოზ კერატიშვილის, ბოდბელი ეპისკოპისის ილარიონ სამხარაძის შემთხვევები, 1983 წლის ცნობილი მოვლენები ამაზე უარესებიც გვახსოვს, უბრალოდ მაშინ ქვეყანა არ იყო თავისუფალი, არ არსებობდა ამდენი მედია, ფეისბუქი, სხვა წყაროები, ამიტომ გამოიწვია დღევანდელმა სხდომამ ამდენი ხმაური. ბოლო 40 წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიაში ამაზე ბევრად უარესი სინოდის სხდომები გამართულა, უბრალოდ, ეს ყველაფერი გარეთ არ გამოდიოდა”.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ემიჯნება ემიჯნება მსგავსს გამონათქვამებს.