ბექხან ტოხოსაშვილი- ყველა ბრაკონიერს ვამხელ

გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, რომელიც პანკისი ეკო კლუბმა ბრაკონიერობაში ამხილა, თანამდებობა დატოვა. ღვედაშვილის განცხადებით, მას დათვზე უკანონო ნადირობაში არასდროს მიუღია მონაწილეობა და არც მედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველების მოკვლასთან კავშირს ადასტურებს, მაგრამ პროკურატურის იმიჯზე ზრუნავს და ამიტომაც მიმართა მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, გამეკეთებინა განცხადება ბოლო პერიოდში მასმედიით გავრცელებულ ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რომლებზეც დაფიქსირებული ვართ მე და ჩემი მეგობრები მოკლულ დათვთან. მინდა, აღვნიშნო, რომ თითქმის ოცი წელია, ვმუშაობ პროკურატურის სისტემაში და ჩემი მუშაობის, ისევე, როგორც ჩემი ცხოვრების ძირითადი პრინციპი იყო კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობა. არასოდეს გადამიხვევია კანონის მოთხოვნებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ დათვზე უკანონო ნადირობაში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც მასმედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველის მოკვლასთან კავშირს ვადასტურებ, სწორედ ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ გაჩნდეს კიდევ დამატებითი კითხვები, რამაც შეიძლება, იმოქმედოს პროკურატურის იმიჯზე, იმ უწყებაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მე მივიღე გადაწყვეტილება და საქართველოს მთავარ პროკურორს მივმართე განცხადებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, – აღნიშნულია ლევან ღვედაშვილის განცხადებაში, რომელიც სხვადასხვა სააგენტოებმა გაავრცელეს.

2015 წლის 30 ნოემბერს მედის საშუალებით პანკისი ეკო კლუბმა გაავრცელა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმის შესწავლა დაიწყო, მოწმის სახით დაიკითხა ეკო კლუბის აქტივისტი გარემოს დამცველი ბექახან ტოხოსაშვილი , შემოწმების შედეგად დადასტურდა გამოქვეყნებული ფოტოების ავთენტურობაც, თუმცა ლევან ღვედაშვილი ორი თვის განმავლობაში აგრძელებდა მუშაობას რაიონული პროკურორის თანამდებობაზე. ბექახნ ტოხოსაშვილის ინფორმაციით,

ღვედაშვილი პროკურატურის გენერალური ინსპექციის ახლადდანიშნული უფროსის ბაკურ აბულაძის მეგობარია. პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსთან მეგობრობის გამო, ღვედაშვილი თანამდებობიდან დანაშაულის ჩადენის გამო კი არ გაათავისუფლეს, არამედ პირადი განცხადება დააწერინეს, რომ მომავალში სხვა თანამდებობაზე მუშაობის დაწყებისას პრობლემა არ შეექმნას და დათვების მოკვლის გამო კანონით გათვალისწინებული ჯარიმის, 100 ათასი ლარის გადახდისგანაც გათავისუფლდეს.

როგორც ცნობილია, მურა დათვი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. გარდა იმისა, რომ დათვის უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა 50 000 ლარს შეადგენს.