შეიარაღებული დაპირისირება პანკისში

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას, 1982 წელს დაბადებული ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

არბი ქავთარაშვილი მურად ქავთარაშვილის ძმის შვილია. მისივე ნათესავია რამაზ ხანგოშვილიც. სწორედ მურად ქავთარაშვილს ასახელებენ შეიარაღებული დაპირისპირების ორგანიზატორად და შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელად მოკლული მუთოშვილის ახლობლები.

„პანკისის ხეობაში ბოლო წლებში შეიარაღებული ბანდა დათარეშობს მურად ქავთარაშვილის ხელმძღვანელობით. ამ რაზმში გაერთიანებულები არიან სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები – ხანგოშვილები, დუიშვილები, ქავთარაშვილები, ალდამოვები. მინდა, ყველამ იცოდეს, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება დაიწყო ჰესების ამბების შემდეგ. ამ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დაიწყო თავდასხმები იმ აქტიურ პიროვნებებზე, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან“

განაცხადა გარემოს უფლება დამცველმა ბექხან ტოხოსაშვილმა

საკობიანოში სროლის დროს ფეხში დაიჭრა მურად ქავთარაშვილიც. პანკისის მცხოვრებლები მას უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნასა და დანაშაულის მომზადებაში ადანაშაულებენ.

მურად ქავთარაშვილის სახელს უკავშირდება მიმდინარე წელს ტოხოსაშვილებზე და მუთოშვილებზე განხორციელებული თავდასხმებიც. პანკისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობის გამო, ტოხოსაშვილების ოჯახი რამდენჯერმა მეჩეთში გააფრთხილეს რომ გარემოსდამცველი ბექხან ტოხოსაშვილი გაჩერებულიყო, წინააღმდეგ შემტხვევაში სიცოცხლით აგებინებდნენ პასუხს. მახო მუთოშვილსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ზაურ მუთოშვილს კი თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს. არცერთ ფაქტზე პოლიციას გამოძიება არ დაუწყია.

ხუთი შვილის მამა, 37 წლის ვისო მუთოშვილი 27 ნოემბერს, შუადღეს მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მუთოშვილებს თავს სოფელ საკობიანოს გადასახვევთან დაესხნენ. სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თვალწინ ჩაცხრილეს ერთი და დაჭრეს სამი ადამიანი. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციამ არაფერი გააკეთა.