გოგაშვილი: ერთი ვერსიით, სააკაშვილს და მერაბიშვილს ახმეტაში ივანიშვილის ლიკვიდაცია უნდოდათ

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშილი ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი, ერთი-ერთი ვერსიით, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.

“მიშას და ვანოს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ქართული ოცნება სერიოზულ საარჩევნო რესურსს კრებდა მოსახლეობის სახით და ერთ ვერსიად გაჟღერდა, რომ ახმეტაში მათ უნდოდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. ამას ზუსტად აკეთებდნენ ფარული ჯგუფის საშუალებით, რომელსაც მერე ჩახოცავდნენ”,-ამბობს გოგაშვილი. 

გოგაშვილის თქმით, 2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი ნაციონალური მოძრაობის მიერ ფინანსდებოდა. 

“ჩატაევი პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობასთან. ფინანსდებოდა ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ. დანაყოფი შექმნეს იმის გამო, რომ, მაგალითად, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც იქნებოდა გადასაწყვეტი, გადაეჭრათ პირადი მიზნებისთვის. რომელიღაც პოლიტიკური ოპონენტი იქნებოდა ეს თუ ასე შემდეგ”,-ამბობს გოგაშვილი.

ახმედ ჩატაევი 2012 წლის 28 აგვისტოს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ჩატაევს ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ედებოდა ბრალად, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 

თუმცა, ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით, ახმედ ჩატაევი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2013 წლის 18 იანვარს კი “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო” მთავარმა პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 000 ლარიც უკან დაუბრუნდა. 2013 წლის ბოლოს მან ქვეყანა დატოვა, ორ წელიწადში კი, ცნობილი გახდა, რომ ჩატაევი ISIS-ს შეუერთდა.