გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე მაია ოშხარელმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა 5 000-დან 10 000 ლარამდე გირაოს სანაცვლოდ მათი გათავისუფლების თაობაზე.

აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვება პროკურატურამ მოითხოვა. როგორც საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა თქვა, არსებობდა ბრალდებულების მიმალვის, მათ მიერ მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„ბრალი არავინ აღიარა. ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა რაში გამოიხატებოდა ეს, არ უსაუბრია. დამატებითი კითხვები გამოძიების პროცესში დაისმება. ნაწილობრივ აღიარება არ არის არსებითი გარემოება, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას“, – განაცხადა ​დავით ყაზარაშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა 26 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობას და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას. 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს. დღეს პროკურორმა ყაზარაშვილმა თქვა, რომ არ არის გამორიცხული ბრალი დაუმძიმდეთ როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან ბრალდებულებს.

„შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ამ პირებს ბრალდება დაუმძიმდეთ. ეს იქნება მაშინვე, როგორც კი შეიქმნება აღნიშნულისთვის საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტი. გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით, რაც შეიძლება არსებობდეს სისხლის სამართლის საქმეში, ვერსიების სახით თუ ა.შ., თუმცა ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, თუ რა დადგინდება კონკრეტული მტკიცებულებებით“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი 26 ივნისს დააკავა.

10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია დაემატა.