ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გაიმართა

ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გაიმართა

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს და გამოძიების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვა მოითხოვეს.

დახმარების თხოვნით გარდაცვლილის დედამ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და თქვა, რომ 18 დღეა საქართველოში სამართალს ვერ მიაღწია. ოჯახს საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა.

„მიმაჩნია, რომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან არ ველოდი, რომ ვინმე შეგვხვდებოდა. კელი დეგნანი ადგილზე არ იმყოფება და მითხრეს, რომ ამ ყველაფერს მას გადასცემენ. ავუხსენი ყველა დეტალი – რა ხდება, როგორ ხდება და საერთოდ, ვინ არიან ჩარეულები.

მითხრეს, რომ FBI-ის ჩართვა საქართველოს მთავრობამ უნდა მოითხოვოს. მე ვუპასუხე, რომ თუ უარს იტყვიან FBI-ის ჩართულობაზე, უფლებას ვიტოვებ აქ მოვიდე და შიმშილობა გამოვაცხადო. მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმის გამოძიების იმედი არ აქვს და ამიტომაც ითხოვს, FBI-ის ჩართვას.

„იმათ ვენდობი, ამათ აღარ ვენდობი. ესენი არიან მსახიობები“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ბაჩალიაშვილების ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა 2017 წელს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ის აქციაზე მივიდა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, ისევე როგორც მისი შვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დანაშაულია ჩადენილი.