ნინოწმინდის გზაზე, რომელზეც 13 მილიონამდე დაიხარჯა, 12-მეტრიანი ბზარი გაჩნდა

ნინოწმინდის გზაზე, რომელზეც 13 მილიონამდე დაიხარჯა, 12-მეტრიანი ბზარი გაჩნდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ორლოვკა-ბავრას მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციაც 9 თვის წინ დასრულდა, ასფალტზე 12-მეტრიანი ბზარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორმა“ გაავრცელა.

აღნიშნული გზა მაგისტრალური მნიშვნელობისაა და ნინოწმინდიდან ბავრამდე მიდის, სადაც სომხეთის საბაჟო პუნქტია განთავსებული. შესაბამისად, გზაზე სატვირთო მანქანები დადიან. გზის რეაბილიტაცია 2019 წლის ნოემბერში დასრულდა, ხუთ თვეში, 2020 წლის აპრილში კი სოფელ ჟდანოვაკანთან, ხიდზე დაგებული ასფალტზე უკვე ბზარი გაჩნდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „საქმილსადენმშენს“ შორის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა და მისი ღირებულება 13 808 573 ლარი იყო, ფაქტობრივად გადახდილმა თანხამ კი 12 904 659 ლარი შეადგინა.

2018 წელს, რადიო „ნორთან“ ინტერვიუში კომპანია „საქმილსადენმშენის“ დირექტორმა, ავთანდილ ლომთაძემ განაცხადა, რომ გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო კლიმატური პირობები, ასევე ვიბრაცია, რომელსაც სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება იწვევს. მისივე თქმით, გზის ექსპლუატაციის ვადა 5-დან 10 წლამდე იქნებოდა.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „საქმილსადენმშენს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა ორი წელია, რომლის ვადაშიც კომპანია ვალდებულია ხარვეზები საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას.