გერმანიის მთავრობა უარყოფს, რომ მერკელმა ლუკაშენკას დაურეკა


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ კანცლერმა ანგელა მერკელმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას დაურეკა.

17 აგვისტოს, სახელმწიფო ტელევიზიამ “ბელარუს 1” აჩვენა ლუკაშენკას სტუმრობა მინსკის ქარხანა МЗКТ-ში, სადაც ამბობს, რომ წინა დღეს მერკელმა დარეკა და თქვა, რომ ლაპარაკი უნდა. თავის მხრივ, გერმანიის მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, რომ არჩევნების დღის შემდეგ სატელეფონო საუბარი არ ყოფილა.

გერმანიის მთავრობის პოზიციაა, რომ უნდა შემოწმდეს ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტი არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ ხმების 80%-ით გაიმარჯვა, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი 10% მიიღო.

დღეს, 18 აგვისტოს კანცლერი ანგელა მერკელი აპირებს ბელარუსში შექმნილი ვითარება განიხილოს რუსეთის პრეზიედენტ ვლადიმირ პუტინთან. ეს ინფორმაცია ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას და ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა ლიეტუვის პრეზიდენტის ვებსაიტზე. ნაუსედას ადმინისტრაციის ცნობით, მერკელმა ლიეტუვას მადლობა გადაუხადა სვიატლანა ციხანოუსკაიასთვის გაწეული დახმარების გამო და მისი მდგომარეობით და გეგმებით დაინტერესდა.

ციხანოუსკაია ლიეტუვაში გაემგზავრა ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ. მის შტაბში აცხადებენ, რომ ეს იყო ზეწოლის და მუქარის შედეგი, ისევე, როგორც 11 აგვისტოს გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ციხანოუსკაია დაწერილ ტექსტს კითხულობდა და მომხრეებს მოუწოდებდა, ქუჩაში აქციებზე აღარ გასულიყვნენ.

17 აგვისტოს გავრცელდა ბელარუსის მოქალაქეებისადმი სვიატლანა ციხანოუსკაიას კიდევ ერთი ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს ეროვნული ლიდერი, რათა ბელარუსი დამშვიდდეს, ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს და უმოკლეს დროში მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი, რეალური, გამჭვირვალე და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელსაც უპირობოდ მიიღებს მსოფლიო თანამეგობრობა.

იმავე დღეს, პრეზიდენტმა ლუკაშენკამ მინსკის ქარხანა МЗКТ-ში ყოფნისას განაცხადა, რომ სახელისუფლებო უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს საკონსტიტუციო პროცესით და არა ქუჩის აქციებით.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ოპოზიცია და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული და გაფიცული ათიათასობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ რეალურად არჩევნებში სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა. აქციების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დემონსტრანტებს სასტიკად არბევდნენ. დარბევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.