ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალში 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალში 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლით – „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცხინვალის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, მღებრიშვილს ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დაჭერა ჰქონდა განზრახული.

„მისი ინტერესის მთავარი საგანი ღამურები იყვნენ, რომლებიც ცხინვალის რაიონის სოფლებში არცევსა და ღრომში ბინადრობენ“, – განაცხადა ე.წ. უსაფრხოების კომიტეტმა.

ხვიჩა მღებრიშვილის საკითხი განიხილეს 30 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 96-ე შეხვედრაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის დროს ვერ მიიღეს დადასტურება, რომ „მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფაუნის ხელყოფის მცდელობას“.