საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მესაკუთრეთა ახალ ჯგუფში ამერიკელი ბიზნესმენები ტოდ ბოელი, მარკ უოლტერი, შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი და საინვესტიციო კომპანია Clearlake Capital-ი შედიან.
ლონდონური კლუბის ინფორმაციით, ინვესტიციების საერთო მოცულობიდან £2,5 მილიარდი კლუბის აქციების შესყიდვაზე დაიხარჯება. ეს თანხა დიდ ბრიტანეთში, გაყინულ საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება და მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. ამ ანგარიშიდან თანხის გამოყენება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ნებართვით იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, ახალი მფლობელები £1,75 მილიარდს დამატებითი ინვესტიციებისთვის გამოყოფენ. ეს შეიცავს „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონის, კლუბის აკადემიის, ქალთა გუნდის სტადიონის და „ჩელსის“ ფონდის დაფინანსებას.
სავარაუდოდ, კლუბის გაყიდვის პროცედურა მაისის ბოლოს დასრულდება, მას შემდეგ რაც მარეგულირებელი ორგანოები ყველა საჭირო ნებართვას გასცემენ. 46 წლის ტოდ ბოელი ბეისბოლის გუნდის „ლოს-ანჯელეს დოჯერსის“ და კალათბურთის გუნდ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ თანამფლობელია.
ლონდონის „ჩელსი“ 2003 წელს რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა იყიდა. 2022 წლის მარტში, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, აბრამოვიჩმა „ჩელსის“ 4 მილიარდ დოლარად გაყიდვის შესახებ გამოაცხადა, კლუბზე კონტროლი კი მის საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.