“მშობელი შენობაში ვერ შევა” – რა პირობებით გაიხსნება საბავშვო ბაღები

ფოტო: FrontNews.Ge

საქართველოში საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, დეტალური რეკომენდაციები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. მისივე განმარტებით, ინდივიდუალურად, ფართობის მიხედვით დაანგარიშდება, რომელ ბაღს ჯგუფში რამდენი აღსაზრდელის მიღება შეეძლება.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში. ბავშვი ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომელმა უნდა შეიყვანოს. ასევე, წესდება შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებითაც, მშობელი ვერ შევა შენობაში და ამიტომ მინიმუმ ათი წუთით ადრე უნდა დაურეკოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელს და ითხოვოს, რომ ბავშვი შესასვლელთან გამოუყვანოს. 

“გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა, გაწერილი იქნება ეს პროცედურა დეტალურად, ბაღის დაწყებამდე ძიძებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლება თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას.

განსაზღვრულია შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვის მიმართ, უნდა შედგეს გრაფიკი, ბავშვების რაოდენობა იყოს დაბალანსებული თითოეულ ჯგუფში, იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან, ასევე, ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექციაც რთულად ჩასატარებელია” – თქვა ბექა ფერაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში სკოლები და ბაღები მარტის თვეში დაიხურა.