ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ახალი ტენდერის გამოცხადებას ვგეგმავთ – ნათია თურნავა

ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თურქეთში, ტრანსკასპიური ოთხმხრივი მინისტერიალის (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის, რომელიც რჩება პრიორიტეტულ პროექტად საქართველოს მთავრობისთვის. აღსანიშნავია Pace და ფოთის პორტის გაფართოება. ასევე, ჩვენს დღის წესრიგშია ლოგისტიკური ცენტრების განვითარება კერძო ინვესტორების მოზიდვის გზით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მთავრობებსა და ბიზნესებს შორის მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობას, საიმედო და ხარისხიანი სატრანსპორტო ქსელების შესაქმნელად და პოსტ-პანდემიური ეკონომიკის უფრო სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად. ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე მზად არის აქტიური ჩართულობისთვის, რათა უკეთ გამოიყენოს ქვეყნის და მთელი რეგიონის ზრდის პოტენციალი.

შეგახსენებთ: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. აქედან 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებაზე 2022 წელს 62 ათასი ლარით მეტი, 162 ათასი დაიხარჯება.

რაც შეეხება ამ ხარჯის მიზნებს და ამოცანებს, როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, მომავალ წელს გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარების ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ იგივე ჩანაწერი იყო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ 2020 წელს პარლამენტში წარადგინა, თუმცა ასევე მოცემული იყო ასეთი ჩანაწერიც:

“დაიწყება ანაკლიის საზღვაო, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესებაზე, არამედ გაზრდის ქვეყნის როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ცენტრად”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.