ჯანდაცვის მინისტრი: ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ

ბატონი თენგიზ ცერცვაძე არის ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ყველაზე მაღალკვალიფიციური ინფექციონისტია ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, მასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძე თავის თანამშრომლებთან ერთად, უშუალოდ ჩართულია ინფექციის კონტროლის კუთხით იმ კონტროლის წესის შემუშავებასა და იმ პროექტის შექმნაში, რითიც ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შემოწმებისას ხელმძღვანელობს.

„ის უშუალოდ საქმის კურსია, თუ რომელ კლინიკაში რა სიტუაციაა ამ კუთხით და აქედან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო მას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის და მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, ჩვენ ყოველთვის ვნახულობთ დროს, რომ პერიოდულად კონსულტაციები გვქონდეს. ჩვენ გუშინაც გვქონდა საკმაოდ ვრცელი საუბარი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციური საავადმყოფო არ შეუმოწმებია და არც არის გეგმაში.

„ვფიქრობთ, რომ იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც, პირიქით, თვალსაჩინო მაგალითია სხვადასხვა კლინიკისთვის, თუ როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები და როგორ უნდა მართონ კლინიკა სწორად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.