რევაზ სოხაძე: თელასმა ჩათვალა, რომ მას ჩვენი ქალაქის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია

მრჩება განცდა, რომ „თელასის“ერთადერთი ამოცანა მხოლოდ ფულის შოვნაა და მას ჩვენი ქალაქის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია, მაშინ როდესაც ის არ არის ჩვეულებრივი ბიზნეს სუბიექტი. თელასი ბუნებრივი მონოპოლისტია, რომელიც სტრატეგიულ ობიექტს ფლობს, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძემ გააკეთა.

მისი თქმით, კომპანიამ დღემდე ვერ მოახერხა საკუთარი კომუნიკაციებისა და ქსელის აღწერა, რაც ქალაქს დამატებით პრობლემებს უქმნის.

„მე, როგორც სამგორის მაჟორიტარს, ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც კომპანია თელასის არასწორ საქმიანობას საფრთხე შეუქმნია მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. ხშირად, მათი დაუდევრობის გამო, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დროულად ვერ ხერხდება“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არსებული პრობლემების განსახილველად, საკრებულოში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დახმარებითა და ჩართულობით, თელასის ხელმძღვანელობის მოწვევა იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.