წელს საქართველო და მსოფლიო ბანკი თანამშრომლობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ

დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსსა და მსოფლიო ბანკის პროგრამების ახალ ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინს, შეხვდა. სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო პროექტები მიმოიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს, მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში.

წელს ბანკთან თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნება. ფინანსთა მინისტრმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ პარტნიორობის მნიშვნელობას.

მსოფლიო ბანკთან 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.