აუხსნელი სიკვდილი – ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი

ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) არის მოულოდნელი სიკვდილი 1 თვიდან 1 წლამდე ასაკში. SIDS ყველაზე ხშირად დგება 2-დან 4 თვის ასაკს შორის. სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.

SIDS-ით გარდაცვალების ფაქტები აღინიშნება ჯანმრთელ ბავშვებშიც, თუმცა არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდის შემთხვევების ალბათობას.

ეს ფაქტორებია:

დღენაკლული ჩვილი;

მცირე წონით დაბადებული ბავშვი;

მრავლობითი მშობიარობის შემდგომ დაბადებული ბავშვი;

სქესი (უპირატესად ფიქსირდება ვაჟებში)

მნიშვნელობა აქვს გარემოსაც, კერძოდ, უეცარი სიკვდილის განვითარების რისკს ზრდის:

თამბაქოს კვამლი;

თამბაქოს მომხმარებელი დედა;

ბავშვის ძილისას მუცელზე წოლა;

საწოლში ბოთლით კვება;

წოლისას გადამეტებული ჩაცმულობა;

ოთახის არასაკმარისი განიავება – ოთახის არაადექვატური ვენტილაცია იწვევს კარბონ დიოქსიდის(ნახშირორჟანგის) დაგროვებას ჩვილის ცხვირის გარშემო, რომელსაც ის შეისუნთქავს;

მუცელზე წოლა – განსაკუთრებით საყურადღებოა მუცელზე წოლა, ვინაიდან იმ სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ გამოაქვეყნა, მუცელზე წოლის შემცირებამ მკვეთრად შეამცირა SIDS-ის შემთხვევები. გასული წლების 90-იან წლებში კი გაძლიერდა ბავშვის ზურგზე დაწვენის კამპანია.

SIDS-ის განვითარების სავარაუდო მექანიზმია:

კარდიო-რესპირატორული კონტროლისა და იმპულსის გადაცემის შეფერხება;

თავის ტვინის გარკვეული ნაწილის არასრულფასოვანი კვება;

ქემორეცეპტორების (სუნთქვაზე პასუხისმგებელი რეცეპტორების) აქტივობის დათრგუნვა, რაც იწვევს აპნოეს (სუნთქვის გაჩერებას).

რჩევები ოჯახს:

ძილისას ოთახი სათანადოდ გაანიავეთ;

ძილის დროს ჩვილი ზურგზე დააწვინეთ;

დაძინებისას ჩვილს მიეცით სუფთა, მშრალი საწოვარა;

ბავშვის დასაძინებელი ადგილიდან მოარიდეთ რბილი ნივთები, სათამაშოები, პლედი და სხვა ნივთები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.