თსუ-ს რექტორმა ბიბლიოთეკარები დააჯილდოვა

ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები დააჯილდოვა. თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგეს ქეთევან ნაკაშიძეს, თსუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკის უფროს ბიბლიოთეკარს ლიანა ვალიევს, უფროს ბიბლიოთეკარს ქეთევან ჯმუხაძეს, იშვიათ გამოცემათა განყოფილების გამგეს ნინო შამათავას, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილეს თამარ გიორგაძეს, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროს სპეციალისტს ია დუდუჩავას ხანგრძლივი და თავდაუზოგავი მუშაობისათვის უნივერსიტეტის მედლები გადაეცათ.

თსუ-ს რექტორმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ ბიბლიოთეკარებს თავიანთი საქმის უანგარო სიყვარულისთვის და ერთგული სამსახურისთვის. თავის მხრივ, ბიბლიოთეკარებმა მადლიერება გამოხატეს თსუ-ს რექტორისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების მიმართ მათი ღვაწლის დაფასებისთვის.

„1972 წლიდან ვმუშაობ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ბედნიერი ვარ, რომ დღემდე ვითვლები თსუ-ის თანამშრომლად და დღემდე ვემსახურები უნივერსიტეტს,“- განაცხადა თსუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკის უფროსმა ბიბლიოთეკარმა ლიანა ვალიევმა.

თსუ-ს ბიბლიოთეკები (თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა) 8 მილიონ წიგნსა და პერიოდულ გამოცემას, 22 მილიონამდე პატენტს ინახავს. ამასთან, მკითხველისთვის ხელმისაწვდომია მუდმივად განახლებადი წიგნის ონლაინკოლექცია (www. Books.tsu.ge), თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორებს თავისუფალი წვდომა აქვთ ისეთ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებსა და რესურსებზე, როგორებიცაა Elsevier, Scopus (www. scopus.com), Sciencedirect (www.sciencedirect.com), EBSCO Econlit (https:// goo.gl/ptblg3), ინგლისის მედიცინის ახალი ჟურნალი (www.nejm.org), www.oxford – medicine.com), BioOne (www.bioone.org), ECD-Library (www. oecd-ilibrary. org), Cambridge Journals Online (www.journals. cambridge.org) და სხვა. ეს რესურსები საშუალებას აძლევს თსუ-ს სტუდენტებსა და მეცნიერებს რეალურ დროში გაეცნონ საერთაშორისო სამეცნიერო სიახლეებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.